თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. აზიის ინფრასტრუქტურული საინვესტიციო ბანკი (AIIB) მიმდინარე წლის ბოლომდე პირველ კრედიტებზე შეთანხმებას გეგმავს, განაცხადა აზიის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა ცზინ ლიციუნმა კვირას.
AIIB-ის დამფუძნებელმა 57 ქვეყნის წარმომადგენელმა პეკინში შაბათს გამართულ შეხვედრაზე ოფიციალურად განაცხადეს თანხმობა ბანკის მუშაობის დაწყების შესახებ. ბანკის პრეზიდენტად შერჩეული იქნა ჩინეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცზინ ლიციუნი.
„ჩვენ რამდენიმე პროექტზე ვმუშაობთ და ვგეგმავთ წლის ბოლომდე პირველ კრედიტებზე თანხმობა გავცეთ, — განაცხადა ლიციუნმა გამართულ პრესკონფერენციაზე. თუ რამდენი პროექტი შევა პირველ პაკეტში, ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ მოგცემთ. ჩვენ სხვა პარტნიორებთან პროექტების დაფინანსების საქმეში თანამშრომლობისთვის მზად ვართ. თუმცა, ერთი ნათელია — ჩვენ ვიმუშავებთ მხოლოდ მათთან, ვინც იმ სტანდარტების შესაბამისად იმოქმედებს, რომელთაც ჩვენ გავითვალისწინებთ“.
მისი განმარტებით, ბანკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრა, რომლებიც აზიაში არსებობს.
„არსებული საერთაშორისო ფინანსური სისტემების გათვალისწინებით, როგორც განვითარების მრავალმხრივი ინსტიტუტი, ჩვენ სამუშაო და საურთიერთობო ენად ინგლისურს, ხოლო ვალუტის ფორმად —აშშ დოლარს გამოვიყენებთ. რაც შეეხება კაპიტალის მოზიდვას, ჩვენ გადაწვეტილი გვაქვს ინვესტიციების აშშ დოლარში, ევროში და სხვა ვალუტებში მიღება“, — განაცხადა ცზინ ლიციუნმა.
„ჩვენ მხოლოდ აშშ დოლარში ვახდენთ კრედიტებას“, — აღნიშნა ბანკის პრეზიდენტმა.
რუსეთი ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგ, აღნიშნულ ბანკში მესამე მსხვილი მონაწილეა, რომელსაც ხმების 5,92% აქვს მიღებული. ჩინეთი და ინდოეთი ხმების 26,06%-სა და 7,5 %-ს ფლობენ. ბანკის შტაბ-ბინა პეკინში მდებარეობს. AIIB-ის საწესდებო საწყისი კაპიტალი 100 მლრდ აშშ დოლარია.
ამჟამად ინფრასტრუქტურული ინვესტიციების აზიის ბანკს 57 წევრი-დამფუძნებელი ჰყავს. საქართველო ამ ბანკის 45-ე დამფუძნებელი წევრია.