თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. 29 ივნისს, ქ. პეკინში ხელი მოეწერა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის სადამფუძნებლო შეთანხმებას. საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იტყობინება.
სადამფუძნებლო შეთანხმების ხელმოწერის მომენტისთვის, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს 57 დამფუძნებელი წევრი ქვეყანა ჰყავს. საქართველო ბანკის 45-ე დამფუძნებელი ქვეყანაა.
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება იქნება: ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, სხვადასხვა წარმოების სექტორებში ინვესტირების გზით, აზიაში ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესება, რეგიონალური პარტნიორობის ხელშეწყობა და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა.
აღნიშნულ ბანკში გაწევრიანება საქართველოსთვის არის შესაძლებლობა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად მოიზიდოს დამატებითი შეღავათიანი ფინანსური რესურსი.
ბანკის სადამფუძნებლო შეთანხმება 2015 წლის ბოლომდე ღია იქნება კიდევ შვიდი ქვეყნისთვის. ახალი საფინანსო ინსტიტუტის ამოქმედება სწორედ წლის ბოლოსთვის იგეგმება.