თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ცნობილმა ამერიკელმა ჯაზ-შემსრულებელმა, მესაყვირე კრის ბოტიმ მხარი დაუჭირა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანს და „დალას მავერიქსის“ მოთამაშეს ზაზა ფაჩულიას, რომელიც ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილეობაზე პრეტენდენტთა სიაშია და თავის მეგობრებსაც მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ზაზა ფაჩულიამ დასავლეთ კონფერენციაში, ჩრდილოეთ ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა ვარსკვლავის მატჩში მოთამაშეთა რეიტინგში უკვე 200 ათასზე მეტი ხმა მოაგროვა.
„ჩვენი კარგი მეგობარი ზაზა ფაჩულია ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს და შეუძლია, NBA All Star-ის გუნდში მოხვდეს. ჩვენ ძალიან გაგვიხარდება, თუ თქვენ მას მისცემთ ხმას“, — დაწერა ბოტიმ ფეისბუქის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე.
დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციების ნაკრებების სასტარტო ხუთეულს გულშემატკივარი ხმის მიცემით ირჩევს. კიდევ შვიდ კალათბურთელს თითოეული კონფერენციის მწვრთნელი შეარჩევს. ამ დროისთვის დასავლეთ კონფერენციაში კენჭისყრის უდავო ლიდერი ლეგენდარული კობი ბრაიანტია. „ლეიკერსის“ შემტევ მცველს ხმა თითქმის მილიონ 300 ათასმა თაყვანისმცემელმა მისცა.
ზაზა ფაჩულიასთვის ხმის მისაცემად საჭიროა ამ ბმულზე გადახვიდეთ.
აუცილებელია Facebook Post გადავიყვანოთ Public-ზე და დავწეროთ #NBAVote Zaza Pachulia.