თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა და „დალას მავერიკსის“ მოთამაშე ზაზა ფაჩულიამ 194 421 ხმა მოაგროვა და დასავლეთ კონფერენციაში, ჩრდილოეთ ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილეობაზე პრეტენდენტთა სიაში შუალედური, მერვე ადგილი დაიკავა.
დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციების ნაკრებების სასტარტო ხუთეულს გულშემატკივარი ხმის მიცემით ირჩევს. კიდევ შვიდ კალათბურთელს თითოეული კონფერენციის მწვრთნელი შეარჩევს. ამ დროისთვის დასავლეთ კონფერენციაში კენჭისყრის უდავო ლიდერი ლეგენდარული კობი ბრაიანტია. „ლეიკერსის“ შემტევ მცველს ხმა თითქმის მილიონ 300 ათასმა თაყვანისმცემელმა მისცა.
ზაზა ფაჩულიასთვის ხმის მისაცემად საჭიროა ამ ბმულზე გადახვიდეთ.
აუცილებელია Facebook Post გადავიყვანოთ Public-ზე და დავწეროთ #NBAVote Zaza Pachulia.
მიმდინარე კენჭისყრასთან და ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ზაზა ფაჩულიამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა:
„ყოველთვის ვგრძნობ თქვენ თანადგომას, მაგრამ დღეს როგორც არასდროს ისე ვიგრძენი ქართველი ხალხის ძალა და მხარდაჭერა. მადლობა ალბათ არ არის საკმარისი, რასაც თქვენ ჩემთვის აკეთებთ!“.
კენჭისყრამდე 10 დღე დარჩა. ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა ვარსკვლავის რიგით 65-ე მატჩი 14 თებერვალს ტორონტოში გაიმართება.