თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობა კონსულტანტთა ჯგუფის ფორმირებას გეგმავს, რომელიც უნარშეზღუდული პირების დასაქმების საკითხებით დაკავდება.
ახალი პროექტის თანახმად, სპეციალურად მომზადებული კონსულტანტები თბილისსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში უნარშეზღუდული პირების შესაძლებლობებს შეისწავლიან, მოამზადებენ მათ სამუშაოსთვის, მოძებნიან დამსაქმებლებს და სამუშაო გარემოსთან ადაპტაციაში დაეხმარებიან.
ეს ინიციატივა საქართველოს მოსახლეობამ, რომლებსაც პირდაპირ თუ ირიბად, ეხებათ მთავრობის ახალი პროექტი, არაერთგვაროვნად აღიქვა.
მაგალითად, 42 წლის უსინათლო ქალბატონს, ირმა ბარაბაძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლების ეს პროექტი დისკრიმინაციული ა და შეურაცხმყოფელი.
„ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი ამ პროექტის მიმართ, იმიტომ რომ ყველაფერი აგებულია „თუ–ზე“… ეს სავარაუდო პროექტია… პირადად ჩემთვის ეს პროგრამა წმიდად დისკრიმინაციულია, უბრალოდ შეურაცხმყოფელია“, — უთხრა ბარაბაძემ Sputnik–ს.
მისი თქმით, პროექტის თანახმად, უნარშეზღუდულმა პირებმა თავდაპირველად ორთვიანი გადამზადება უნდა გაიარონ, მერე კი ელოდონ, როდის მოუძებნის კონსულტანტი დამსაქმებელს. თუ დამსაქმებელი მოიძებნება, უნარშეზღუდული პირები მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ სტაჟირების გავლას, რაშიც მხოლოდ 150 ლარს გადაუხდიან.
„სტაჟირებას 2–3 ადამიანი გაივლის, სამსახურში კი მხოლოდ ერთს აიყვანენ და ისიც იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელს მოეწონება“, — აღნიშნა ირმა ბარაბაძემ.
საქართველოს უსინათლოთა კავშირის ბიზნესისა და სოციალური პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელ თამაზ მუქერიას კონსულტანტთა ჯგუფის ჩამოყალიბება არა უნარშეზღუდულ პირებზე ზრუნვად, არამედ ფულის გაკეთების კიდევ ერთ შესაძლებლობად მიაჩნია.
„ეს უბრალოდ ფულის შოვნის შესაძლებლობაა. ვიღაც ტრენინგებისთვის მიიღებს თანხას, ვიღაც კიდევ ხელფასის სახით… ორი–სამი კაცის დასაქმება უბრალოდ სასაცილოა“, — გაუზიარა საკუთარი მოსაზრება მუქერიამ Sputnik–ს.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კონსულტანტები დამსაქმებლის პოვნას ვერ მოახერხებენ?— ეს არის ის მთავარი კითხვა, რომელიც უნარშეზღუდულ პირებსა და მათთან მომუშავე სპეციალისტებს უჩნდებათ.
„აბა, რა პროგრამაა ეს? თუ დამსაქმებელს ვერ იპოვიან, ვინც ამ ადამიანებს სამსახურში აიყვანს, სტაჟირებაზე ტყუილად რატომ უნდა აწვალონ?.. და საერთოდაც, ორ თვეში როგორ უნდა გადაამზადონ? მე წარსულში საწარმოს ვხელმძღვანელობდი და მიმაჩნია, რომ ახალი პროფესიის ექვს თვეზე ადრე ათვისება შეუძლებელია“, — ხაზგასმით აღნიშნა მუქერიამ.
საქართველოს უსინათლოთა კავშირმა, ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, უნარშეზღუდული პირების დასაქმების მოდელი შეიმუშავა, რომელიც პარლამენტმა კი განიხილა, მაგრამ პროცესი შეჩერდა. ამის მიზეზები მუქერიასთვის უცნობია.
უფლებადამცველი გელა ნიკოლეიშვილი მიესალმება უნარშეზღუდული პირებისთვის კონსულტანტთა ჯგუფების შექმნას, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პროგრამა რეალურად იმუშავებს.
„მთავარია, რომ ცხოვრებაში, პრაქტიკაზე, ეს ყველაფერი რაღაც ფორმალობად არ გადაიქცეს, ან იმისთვის არ კეთდებოდეს, რომ კონსულტანტებმა ხელფასები აიღონ. თუ ჯგუფი რეალურად იმუშავებს, ვფიქრობ, მოცემული პროექტი დადებით შედეგებს გამოიღებს“, — განუცხადა ნიკოლეიშვილმა Sputnik–ს.
მისი თქმით, უნარშეზღუდულ პირებთან დაკავშირებული პრობლემები ყველგან გვხვდება, მდიდარ და განვითარებულ ქვეყნებშიც და თავად აშშ–შიც კი. და რამდენადაც საქართველო არც უზრუნველყოფილ ქვეყანათა რიცხვს განეკუთვნება და არც დემოკრატიული ტრადიციებით მდიდართ, უნარშეზღუდული პირების უფლებები ისე არ არის დაცული, როგორც ამას საერთაშორისო სტანდარტები მოითხოვს.
პროექტი, რომლის ინიციატორებიც საქართველოს ჯანდაცვისა და ასევე განათლების სამინისტროები არიან, სავარაუდოდ, გაზაფხულზე დაიწყება. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გაფანტავს თუ არა ის უნარშეზღუდული პირების ეჭვებს. ერთი კი აშკარაა, რომ ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებული ზრუნვა და მოვლა–პატრონობა სჭირდებათ, სახელმწიფოსი არ სჯერათ.