ტერაქტები ჯაკარტაში: "ისლამური სახელმწიფო" ინდონეზიასაც მიწვდა

© AP Photo / Veri Sanovriჯაკარტა
ჯაკარტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯაკარტის ცენტრში მომხდარ თავდასხმაში 10-დან 14-მდე ბოევიკი მონაწილეობდა. ქალაქის სხვადასხვა ადგილას შვიდი აფეთქება მოხდა, თავდასხმისას 7 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი პოლიციელი.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ინდონეზიის დედაქალაქში აფეთქებების სერია ხუთშაბათს მოხდა, არიან დაშავებულებიც და გარდაცვლილებიც, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ უცხოურ მედიაზე დაყრდნობით.

ჯაკარტის პოლიციის მონაცემებით, ტერაქტები თვითმკვლელმა-ტერორისტებმა მოაწყვეს. შესაძლოა, ამ ფაქტთან დაკავშირებული იყოს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“.

გარდაცვლილთა რიცხვი მინიმუმ შვიდია

წინასწარი ინფორმაციით, ჯაკარტაში დაახლოებით შვიდი აფეთქება, მათ შორის ერთი — სავაჭრო ცენტრის წინ მოხდა.  ამ რაიონში ასევე განთავსებულია ფეშენებელური სასტუმროები, საელჩოები და საოფისე შენობები. კიდევ ერთი აფეთქების ხმა გაეროს ოფისის ახლოს გაისმა, რის შედეგადაც ორგანიზაციის თანამშრომელი დაშავდა.

ინდონეზია - Sputnik საქართველო
ჯაკარტის ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა

„გაეროს თანამშრომელი აფეთქების დროს დაიჭრა“, — ნათქვამია ტელეკომპანია ABC News 24-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაჭრილთა და გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის. სააგენტო Associated Press-ი ჯაკარტის პოლიციაზე დაყრდნობით შვიდი ადამიანის გარდაცვალების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელთა შორისაც ოთხი თავდამსხმელია.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს შორისაც დანაკარგია. „ დავინახე ჩემს წინ როგორ ჩაცხრილეს პოლიციის ოფიცრები“, — სააგენტო Reuters-ი ერთ-ერთი თვითმხილველის სიტყვებს ციტირებს.

სპეცოპერაცია გრძელდება
სავარაუდოდ, ინდონეზიის ტერაქტში 10-ზე მეტი ექსტრემისტი მონაწილეობდა.

„ჯაკარტის ცენტრში მომხდარ თავდასხმაში 10-დან 14-მდე ბოევიკი მონაწილეობდა“, — ნათქვამია გამოცემა Times of India-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოევიკები ქალაქის ცენტრში ერთ-ერთ შენობაში იყვნენ ჩასაფრებულნი. პოლიციისა და სპეცსამსახურების ქვედანაყოფები სპეცოპერაციას ატარებენ, გადმოსცემს ტელეარხი CNN.
„სავარაუდოდ, ბოევიკები კინოთეატრის შენობაში იმალებიან, რომელიც თავდასხმის ადგილთან ახლოს მდებარეობს. და იქ ალბათ, ბევრი ადამიანი აფარებს თავს. პოლიციამ თეატრის შენობასა და მიმდებარე ტერიტორიას ალყა შემოარტყა“, — ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ინფორმაციას ტელეარხი „ალ-ჯაზირა“ იუწყება.

მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ
ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ ჯაკარტაში მომხდარ ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.
„ჩვენი ხალხი არ უნდა შეშინდეს, ტერორისტული აქტები ჩვენ ვერ დაგვამარცხებენ, იმედი მაქვს, რომ საზოგადოება სიმშვიდეს შეინარჩუნებს. მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილთა გამო, თუმცა განვიკითხავთ იმას, რამაც ჩვენი უსაფრთხოება და სიმშვიდე დაარღვია და მოსახლეობაში შიში დათესა“, — ციტირებს სააგენტო ვიდოდოს სიტყვებს.

ჯაკარტა - Sputnik საქართველო
ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯაკარტაში აფეთქებას ტერორისტული აქტი უწოდა

ინდონეზიის ხელისუფლება უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს. ჯაკარტის ქუჩებში სპეციალური ბრონირებული ტექნიკაა მობილიზებული. სამხედროები და პოლიციელები ქალაქის ყველა რაიონში პატრულირებენ.

კვლავ „ისლამური სახელმწიფო“?
ტერაქტზე პასუხისმგებელ პირთა შესახებ საუბარი ნაადრევია, თუმცა უკვე არსებობს ვერსია რომ მომხდარ ფაქტთან ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოა“ დაკავშირებული.

„პოლიციამ დაადასტურა, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ მანამდე მუქარის შემცველი განცხადებები გააკეთა“, — ინფორმაციას ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებზე დაყრდნობით ტელეარხი „ალ-ჯაზირა“ გადმოსცემს.

ქვეყნის ხელისუფლება, ჯერჯერობით არ ადასტურებს ტერორისტული დაჯგუფების კავშირს ჯაკარტაში მომხდარ აფეთქებებთან. „ეს ტერაქტია, თუმცა ჯერჯერობით არანაირი მინიშნება არ გვაქვს საიმისოდ, რომ განვაცხადოთ „ისლამური სახელმწიფოს“ კავშირის შესახებ“, — ციტირებს Reuters-ი ინდონეზიის საგამოძიებო სამსახურის მეთაურის სიტყვებს.

ყველა ახალი ამბავი
0