თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. სტამბოლის ტერაქტი მთელი რიგი ტერორისტული შეტევების მაუწყებელია, — განუცხადა Sputnik Türkiye–ს უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხების ექსპერტმა, პოლიტოლოგმა მეთინ გიურჯანმა.
მძლავრი აფეთქება სტამბოლის ტურისტულ რაიონში, სულთანაჰმეთის მოედნის სიახლოვეს მოხდა. დაიღუპა ათი და დაიჭრა თხუთმეტი ადამიანი. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პრეზიდენტ ერდოღანის ვარაუდით, აფეთქება შესაძლოა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. ქვეყნის პრემიერ–მინისტრ აჰმეთ დავითოღლუს მიაჩნია, რომ აფეთქება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრის მოწყობილია.
„მოსალოდნელია, რომ სტამბოლის ცენტრში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ანტიტერორისტულმა კოალიციამ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა გააძლიეროს. სულთანაჰმეთის მოედანზე მომხდარი აფეთქება — ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ სერიოზული რყევების ზღურბლზე ვდგავართ და სტამბოლის ტერაქტი მთელი რიგი ტერორისტული შეტევების მაუწყებელია“, — განაცხადა გიურჯანმა.
პოლიტოლოგმა სტამბოლში მომხდარ აფეთქებასა და „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების მიერ სურუჩსა და ანკარაში განხორციელებულ სხვა ტერაქტებს შორის განსხვავებებზე მიუთითა. გიურჯანის აზრით, „ისლამური სახელმწიფო“ მოღვაწეობის ფრონტის გაფართოებისკენ ისწრაფვის.
„იმის თქმა, რომ სულთანაჰმეთის აფეთქება სრულიად მოულოდნელი იყო, არ შეიძლება. „ისლამური სახელმწიფო“ ცდილობს გადალახოს „კუთხეში მიყენებულის“ შეგრძნება, რომელიც ბოლო დროს გაუჩნდა. ამასთან დაკავშირებით ჯიჰადისტები სამოღვაწეო ფრონტის გაფართოების ტაქტიკაზე გადავიდნენ. სტამბოლის ტერაქტს, ტერორისტების სამიზნე ადგილისა და ნაწილობრივ, ანკარის რეაქციის თვალსაზრისით, არსებითად განსხვავებული მახასიათებლები გაჩნია ანკარასა და სურუჩში მომხდარ აფეთქებებთან შედარებით. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც არათურქმა ბოევიკმა თურქეთში აფეთქება მოაწყო და სამიზნედ უცხოელი ტურისტები აირჩია. ამგვარად, საუბარია უცხოელის მიერ უცხოელების წინააღმდეგ მოწყობილ ტერაქტზე. აქ მე განსაკუთრებით გამოვყოფდი გლობალიზაციის ფაქტორს, „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების საქმიანობის მასშტაბის გაზრდა–გაფართოებას“, — თქვა პოლიტოლოგმა.
ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერორიზმისთვის ტერიტორიულ საზღვრებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და მსგავსი ინციდენტების გამეორებისგან თავის დასაზღვევად პრობლემის პირველწყაროში კარგად გარკვევაა აუცილებელი.
„ახლა რეგიონში დაჟინებული ყურადღების ძირითადი ობიექტი ახალგაზრდობაა. თუ იდეოლოგიის მართებულობასა თუ ცდომილებებზე დისკუსიებს გვერდზე გავწევთ, შეიძლება ითქვას, რომ შევეჯახებით ფენომენს, რომელიც დღევანდელი რეალობის პირობებში აუცილებლად ძალზე დაკვირვებით უნდა შევისწავლოთ“, — აღნიშნა გიურჯანმა.
საუბარია ახალგაზრდების დიდ მასაზე, რომლებიც მზად არიან საკუთარი სიცოცხლე გაწირონ, ოღონდ სხვისი სიცოცხლეც იმსხვერპლონ, და ამისთვის კონკრეტულ ნაბიჯებსაც დგამენ. „მე მათ მარგინალებად მოვიხსენიებ, რომლებიც ნებისმიერ წამს სასიკვდილოდ მზად არიან. ორი–სამი კვირის განმავლობაში შესაბამისი იდეოლოგიური და სამხედრო მომზადების გავლისა და იარაღით, საბრძოლო მასალებითა და ასაფეთქებლებით აღჭურვის შემდეგ, ისინი რეალურად იქცევიან ნელი მოქმედების ნაღმებად, რომლებიც, არავინ იცის, სად და როდის ამუშავდება“, — განაცხადა გიურჯანმა.
შესაძლოა მოკლევადიან პერსპექტივაში სტამბოლის ტერაქტის შედეგების არც ისე აშკარად საგრძნობი იყოს, მაგრამ თუ „ისლამური სახელმწიფოსა“ და მისი მსგავსი ფორმირებების თურქეთის ტერიტორიაზე შეღწევისა და საქმიანობის მასშტაბს სწორად არ შევაფასებთ, თუ ტერორისტულ საფრთხეებზე წინასწარი შეტყობინებისა და რეაგირების ადეკვატური სისტემის შესაქმნელად კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, მაშინ სტამბოლის აფეთქება მომავალში ძალზე მძიმე და წინასწარ განუჭვრეტელ შედეგებს გამოიღებს, — ხაზგასმით აღნიშნა ექსპერტმა.
„ის ფაქტი, რომ თვითმკვლელი ტერორისტის პიროვნება ასე სწრაფად დადგინდა, იმაზე მეტყველებს, რომ თურქეთის დაზვერვა მას უთვალთვალებდა. აუცილებელია გატარდეს გადამჭრელი ზომები იმისათვის, რომ თურქეთის სახელმწიფოსთვის „ისლამური სახელმწიფოსგან“ მომდინარე საფრთხეები ბევრად სერიოზულად იყოს აღქმული“, — მიაჩნია გიურჯანს.
ექსპერტ–პოლიტოლოგის აზრით, სტამბოლის ტერაქტი უშუალოდ გერმანიის წინააღმდეგ იყო მიმართული. საკუთარი მოსაზრების საფუძვლიანობის დასამტკიცებლად ექსპერტი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების კოალიციაში გერმანიის გააქტიურებაზე მიუთითებს. სულთანაჰმეთის მოედანზე მომხდარი ტერაქტის შემდეგ დასავლეთი გააძლიერებს თურქეთზე ზეწოლას, რათა ეს უკანასკნელი კიდევ უფრო გააქტიურდეს ტერორიზმთან ბრძოლაში.
ექსპერტის თქმით, თურქეთმა აუცილებლად უნდა გაატაროს ღია საგარეო პოლიტიკა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთობლივი ქმედებებისკენ იქნება მიმართული და დაზვერვის მონაცემების გაცვლას, ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრების შექმნასა და სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებას მოიცავს.
„თურქეთი ტერორიზმთან ბრძოლაში მოწინავე სახელმწიფოდ უნდა გადაიქცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ძალიან მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს და ეს პროცესი უკვე დაწყებულიცაა, რაც მთელი მსოფლიოს თვალწინ დაადასტურა კიდეც გუშინდელმა ტერაქტმა“, — ხაზი გაუსვა გიურჯანმა.