თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო კომპანია SOCAR მონაწილეობას მიიღებს საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტში, განაცხადა SOCAR Energy Georgia-ს ხელმძღვანელმა მახირ მამედოვმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში.
გაზსაცავის მშენებლობის დაწყება 2016 წელს იგეგმება. მშენებლობის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება გაზსაცავში 230-250 მილიონი კუბამეტრი ბუნებრივი აირის შენახვა, რაც საქართველოს წლიური მოხმარების 15%-ია.
„ჩვენ განვიხილეთ საქართველოს გეგმები გაზსაცავის მშენებლობაზე საქართველოში, რასაც ჩვენ მთლიანად მივესალმებით და მხარს ვუჭერთ. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ ამ პროექტში არსებული შეთანხმებებით“, — თქვა მამედოვმა საქართველოს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელთან თანამშრომლობაც გრძელდება.
„SOCAR დაინტერესებულია ამ პროექტში მონაწილეობით (გაზსაცავის მშენებლობა). მე ვფიქრობ, რომ პროექტის რეალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის“, — თქვა მინისტრმა.
ახალ გაზსაცავს სამგორის ტერიტორიაზე ააშენებენ, რადგან კვლევების თანახმად, ეს ტერიტორია ოპტიმალური ადგილია ამისათვის.
ფრანგულმა კომპანიამ GEOSTOCK SAS, რომელმაც საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა, მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური საფუძვლების მომზადება 2016 წლის დასაწყისში უნდა დაასრულოს.
პარალელურად საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (GOGC) მოლაპარაკებებს აწარმოებს კომერციულ ბანკებთან, საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან და კერძო კომპანიებთან პროექტის დაფინანსების პირობების შესასწავლად და ოპტიმიზაციისათვის.
გაზსაცავის ექსპლუატაციაში შესვლასთან ერთად, საქართველო მიიღებს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და უზრუნველყოფს მოსახლეობას გაზით მის მოწოდებაში პრობლემების არსებობის შემთხვევაში.