თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის დაწყება 2016 წელს იგეგმება, აღნიშნულია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშში.
გაზსაცავს სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს ბაზაზე ააშენებენ. ჩატარებული ანალიზების შედეგებმა აჩვენა, რომ საბადოს ტერიტორია მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისთვის ოპტიმალური ადგილია.
საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ფრანგული კომპანია GEOSTOCK SAS 2016 წლის დასაწყისში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური საფუძვლის მომზადებას დაასრულებს.
პროექტის დაფინანსების პირობების შესწავლისა და ოპტიმიზაციის მიზნით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის (GOGC) პარალელურად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს კომერციულ ბანკებთან, საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან და კერძო კომპანიებთან.
მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის დასრულების შემდეგ 230-250 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც ქვეყანაში წლიური მოხმარების 15%-ს შეადგენს.
გაზსაცავის მშენებლობით საქართველო სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს მიიღებს, რომელიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას მნიშვნელოვნად აამაღლებს და მის მიწოდებაში შეფერხებების შემთხვევაში, მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფას შეძლებს.