ობამას ბოლო მიმართვა

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონგრესისადმი ბოლო ყოველწლიურ მიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთი სირიისა და უკრაინის კრიზისის კონტექსტში მკვეთრი კრიტიკის გარეშე მოიხსენია. მისი გამოსვლა პოლიტიკოსებმა კარგი მემკვიდრეობის დატოვების მცდელობად შეაფასეს.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. აშშ–ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა „ქვეყანაში არსებული მდგომარეობის“ შესახებ ბოლო, ტრადიციული მოხსენებით კონგრესის წინაშე 12 იანვარს წარდგა. მისი განცხადებით, შეერთებული შტატები კვლავაც მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფოა, მაგრამ არასდროს იქნება „მსოფლიო პოლიციელი“.  ამის ნაცვლად აშშ მთელ ძალისხმევას „ისლამური სახელმწიფოსა“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მიმართავს, და კონგრესისგან სამხედრო ძალის გამოყენებაზე ნებართვა მოითხოვა.

მსოფლიო არენაზე აშშ–ის უმთავრესი კონკურენტები — რუსეთი და ჩინეთი — ობამამ სასხვათაშორისოდ, პირდაპირი კრიტიკის გარეშე მოიხსენია, რაც წარსულშიც გაუკეთებია.
უკრაინასა და სირიას კი პრეზიდენტმა „რუსეთის კლიენტი–სახელმწიფოები“ უწოდა, რომლებიც მის გავლენას დაუსხლტნენ.

2016 წლის ნოემბერში აშშ–ში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, რომელშიც სახელმწიფოს მოქმედი მეთაური უკვე აღარ მიიღებს მონაწილეობას. სწორედ ამიტომ ობამას გამოსვლა ბევრმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა კარგი მემკვიდრეობის დატოვების მცდელობად შეაფასა.

აშშ–ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა - Sputnik საქართველო
ობამა: აშშ უვიზო რეჟიმს გადახედავს

თავად პრეზიდენტმა კი საკუთარი სიტყვა მომავლის ხედვად წარმოაჩინა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ მისი მმართველობისას „აშშ–ის ეკონომიკა კიდევ უფრო ძლიერი, ქვეყანა — უფრო უსაფრთხო, სახელმწიფო კი უკეთესი გახდა“. ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტობის ბოლო წელს გადაწყვეტილებებისა და მოქმედებებისთვის მზადაა.

მიმართვის დასაწყისში ობამამ რამდენიმე ის პრობლემა დაასახელა, რომლებზე მუშაობაც მოუწევს ამერიკის ხელისუფლებას უახლოეს მომავალში, „დამოუკიდებლად იმისგან, თუ ვინ იქნება მომავალი პრეზიდენტი და ვინ გააკონტროლებს კონგრესს“. ერთ–ერთი იყო უსაფრთხოებისა და ამერიკისთვის მსოფლიო ლიდერობის შენარჩუნების უზრუნველყოფა „მსოფლიო პოლიციელად“ გადაქცევის გარეშე.

„როგორ ვაქცევთ ამერიკას უსაფრთხო ქვეყნად და როგორ ვიქნებით მსოფლიო ლიდერები ისე, რომ არ ჩამოვყალიბდეთ მსოფლიო პოლიციელად?“ — დასვა ობამამ შეკითხვა და მოგვიანებით თავადვე უპასუხა მას.

„ჩვენ არ შეგვიძლია დავიპყროთ და გადავაკეთოთ კრიზისში ჩავარდნილი ნებისმიერი ქვეყანა. ეს  ლიდერობა არ არის. ეს არის გარანტია იმისა, რომ ჩავეფლობით ომში, დავღვრით ამერიკელთა სისხლს და გავფლანგავთ სახსრებს, რაც საბოლოოდ დაგვასუსტებს. ასეთია ვიეტნამისა და ერაყის გაკვეთილები და ეს ჩვენ უკვე უნდა გვესწავლა“, — განაცხადა მან „რესპუბლიკელთა“ გასაგონად, რომლებიც აშშ–ს უფრო მასშტაბური სამხედრო მოქმედებებისკენ მოუწოდებენ მსოფლიოში.

სახელმწიფოს მეთაურის სხვა განცხადება პრეზიდენტობის „რესპუბლიკელი“ კანდიდატების მისამართით გაისმა, რომლებიც ლამის ყოველდღე აკრიტიკებენ „დემოკრატ“ პრეზიდენტსა და ზოგადად ქვეყანაში არსებულ ვითარებას.

„ამერიკის ეკონომიკურ დაცემაზე საუბრები პოლიტიკური ყბედობაა. ეს რიტორიკაა იმას თაობაზე, რომ ჩვენი მტრები სულ უფრო ძლიერდებიან, ამერიკა კი სუსტდება“, — განაცხადა ობამამ.  
ამასთან პრეზიდენტმა აღიარა, რომ მისი მმართველობის წლებში „დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ დაპირისპირება გაძლიერდა.

ჩინეთის „საპირისპიროდ მქროლი ქარი“ და რუსეთის კლიენტი–სახელმწიფოები 

აშშ–ის მსოფლიო ლიდერობის თემა ტრადიციულად წითელ ხაზად გასდევდა ამერიკის ლიდერის სიტყვას. ამასთან ობამა შეეცადა, დაბალანსებულად მისდგომოდა საკითხს და მსმენელებს არწმუნებდა, რომ ამერიკა არ აპირებს დანარჩენი მსოფლიოს უგულებელყოფას.

ამერიკის ლიდერობა XXI საუკუნეში — ეს არ გახლავთ დანარჩენი მსოფლიოს იგნორირებასა (ტერორისტების განადგურების გამოკლებით) და რომელიმე დაშლის პირას მყოფი სახელმწიფოს ოკუპაცია–აღდგენას შორის არჩევანი“, — განაცხადა ობამამ. მისი თქმით, „ლიდერობა — ეს სამხედრო ძალის რაციონალურად გამოყენება და მსოფლიო თანამეგობრობის სწორი მეგზურობაა“.

იმ ქვეყნებზე საუბრისას, რომლებსაც შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ აშშ–ს მსოფლიო არენაზე, რუსეთისა და ჩინეთის ჩათვლით, ობამამ მისთვის ჩვეული რიტორიკული ხერხი გამოიყენა და ისინი სასხვათაშორისოდ, რბილად მოიხსენია.

„გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ახლა უკეთესი რეპუტაცია გვაქვს, ვიდრე მაშინ გვქონდა, როცა პრეზიდენტად ამირჩიეს, და ნებისმიერ მნიშვნელოვან საერთაშორისო თემაზე საუბრისას, მთელი მსოფლიო ლიდერს რუსეთსა და ჩინეთში კი არ ეძებს, არამედ ჩვენში“, — განაცხადა ობამამ.

ობამამ რუსეთი კიდევ ერთხელ ახსენა — ამჯერად სირიისა და უკრაინის კონტექსტში, ოღონდ მკვეთრი კრიტიკის გარეშე. თუმცა იქვე აშშ–ს პოლიტიკას უკრაინის მიმართ, როგორც წესი, „დემოკრატიის დაცვის საქმეში დახმარების გაწევა“ უწოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკა ეცემა, ის საკუთარ რესურსებს უკრაინასა და სირიას ახმარს — იმ კლიენტ–სახელმწიფოებს, რომლებიც მათ თვალწინ სხლტება გავლენის ორბიტიდან“, — თქვა ობამამ.

სიტყვა „კლიენტი“ მიმართვის წინასწარ გავრცელებულ  ტექსტში არ ყოფილა, ეს სიტყვა აშშ–ის პრეზიდენტის იმპროვიზაცია გახლდათ.

ბარაქ ობამა - Sputnik საქართველო
ობამა რუსეთს სირიასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში კონსტრუქციულ პარტნიორად მიიჩნევს

ობამამ რუსეთი მესამედ მაშინ ახსენა, როდესაც 60 წლის წინ საბჭოთა თანამგზავრის კოსმოსში გაშვება გაიხსენა და ეს „რუსების კოსმოსში გამარჯვებად“ შეაფასა. თუმცა ამერიკის პრეზიდენტს არც იმის გახსენება დავიწყებია, რომ აშშ–მა საკუთარი კოსმოსური პროგრამა „ლამის ერთ დღე–ღამეში“ შექმნა და ასტრონავტები უკვე 12 წლის შემდეგ გადასხა მთვარეზე.

ჩინეთსაც კარგად „მოხვდა“, როცა პრეზიდენტმა კონგრესს ტრანსწყნაროკეანური პარტნიორობის დამტკიცებისკენ (აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის 11 სახელმწიფოს სავაჭრო ხელშეკრულება — ჩინეთის გამოკლებით) მოუწოდა.

„ტრანსწყნაროკეანური პარტნიორობის წესებს რეგიონში ჩინეთი კი არ ადგენს, არამედ ჩვენ“, — განმარტა ობამამ.

მან ასევე შენიშნა, რომ ჩინეთის ეკონომიკა ბოლო წლებში „საპირისპიროდ მქროლ ქარს“ შეეჯახა, ანუ სიძნელეებს განიცდის.

ობამამ საერთოდ არ ახსენა ჩრდილოეთ კორეა, რომელმაც ცოტა ხნის წინ წყალბადის  ბომბის წარმატებით გამოცდის თაობაზე განაცხადა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ  ფხენიანის ხმამაღალ განცხადებებს ვაშინგტონი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.

ტერორიზმთან ბრძოლის თაობაზე ჰკითხეთ  ბენ ლადენს

„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი, როგორც მოსალოდნელი იყო, ობამას მიმართვის ერთ–ერთი მთავარი თემა გახლდათ. პრეზიდენტმა კონგრესს მოუწოდა, რომ ტერორიზმის დასაძლევად სამხედრო ძალის გამოყენების ნებართვა გასცეს, რაც თეორიულად მეტად ხანგრძლივ ოპერაციას შეიძლება გულისხმობდეს.

„თუკი ამ მოწვევის კონგრესი სერიოზულადაა განწყობილი ამ ომში გამარჯვებისთვის და ჩვენი ჯარებისთვის სიგნალის გაგზავნა სურს მთელ მსოფლიოში, თქვენ, ბოლოს და ბოლოს, უნდა გასცეთ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების ნებართვა“, — განაცხადა ობამამ, რომელიც მანამდე არაერთხელ გამოსულა სირიასა და ერაყში მსხვილმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების ჩატარების წინააღმდეგ.

ამასთან სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ კონგრესის ნებართვით იქნება ეს თუ უნებართვოდ, „ისლამური სახელმწიფო“  აუცილებლად „მიიღებს იმ გაკვეთილს, რომელიც მანამდე მიუღიათ სხვა ტერორისტებს“.

„თუ ეჭვი გეპარებათ, რომ ამერიკა ან მე არასაკმარისად ვუჭერთ მხარს სამართლიანობის აღდგენას, ამის შესახებ უსამა ბენ ლადენს ჰკითხეთ“, — დაამატა აშშ–ის პრეზიდენტმა, რითაც ამერიკელ სპეცრაზმელთა მიერ 2011 წელს „ალ–ქაიდას“ ლიდერის განადგურებას  გაუსვა ხაზი.

ამასთან ობამამ აღიარა, რომ მსოფლიოს მრავალ კუთხეში არასტაბილური მდგომარეობა „ისლამური სახელმწიფოს“ გარეშეც კიდევ ათობით წელი შენარჩუნდება: ახლო აღმოსავლეთში, ავღანეთში, პაკისტანში, ცენტრალური ამერიკის, აფრიკისა და აზიის ზოგ  ნაწილებში. „აქედან ზოგი ადგილი შესაძლოა უსაფრთხო ნავსაყუდლად იქცეს ახალი ტერორისტული ქსელებისთვის, სხვები ეთნიკური კონფლიქტების ან შიმშილის მსხვერპლად იქცევიან, რითაც ლტოლვილთა ახალ ტალღებს წარმოშობენ“, — გააფრთხილა პრეზიდენტმა მსოფლიო.

სწორედ ამიტომ, აღნიშნა მან, აშშ–ის საგარეო პოლიტიკა უნდა კონცენტრირდეს „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალ–ქაიდას“ საფრთხეებზე, თუმცა ამაზე არ უნდა შეჩერდეს.

ყველა ახალი ამბავი
0