თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. აშშ გადახედავს უვიზო რეჟიმს, რომლის წყალობითაც შემოაღწია ქვეყანაში ტერორისტმა ქალმა, განაცხადა ორშაბათს აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.
„სახელმწიფო დეპარტამენტსა და შიდა უსაფრთხოების სამინისტროს უვიზო პროგრამის გადახედვა დავავალე, რომლის მეშვეობითაც შემოაღწია ტერორისტმა ქალმა ჩვენს ქვეყანაში, სან–ბერნარდინოში“, — განაცხადა ობამამ ოვალური კაბინეტიდან ამერიკელი ერისადმი მიმართვისას.
პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ თეთრმა სახლმა დააზუსტა, რომ ობამას მექანიკური შეცდომა მოუვიდა და ტაშფინ მალიკის შემთხვევაში საუბარია არა „უვიზო“, არამედ „სავიზო“ რეჟიმზე. ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილი მალიკი პაკისტანელია, აშშ–ში საუდის არაბეთიდან ამერიკის მოქალაქის საცოლის ვიზით ჩავიდა.
ობამამ საკუთარი გამოსვლის სხვა მონაკვეთშიც დაადასტურა, რომ აპირებს უსაფრთხოების შემოწმების გამკაცრებას იმ 38 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებთანაც აშშ–ს უვიზო რეჟიმი აქვს, „უფრო მკაცრი შემოწმება უნდა დავაწესოთ მათთვის, ვინც ამერიკაში უვიზოდ ჩამოდის, რათა სათანადოდ შევამოწმოთ, იმყოფებოდნენ თუ არა ისინი საომარი მოქმედებების ზონაში. საამისოდ კონგრესში ორივე პარტიის წევრებთან ვმუშაობთ“, — განაცხადა ობამამ.
საიედ რიზვან ფარუქმა და მისმა ცოლმა ტაშფინ მალიკმა, რომლებიც ავტომატებითა და პისტოლეტებით იყვნენ შეიარაღებულები, გასულ ოთხშაბათს კალიფორნიის ქალაქ სან–ბერნარდინოში 14 ადამიანი მოკლეს და 12 დაჭრეს. მათ დანაშაულის ადგილიდან მიმალვა შეძლეს, თუმცა პოლიციამ ისინი რამდენიმე საათში დახოცა. სამართალდამცავების ერთ–ერთი ვერსიით, ფარუქისა და მალიკის თავდასხმის მოტივი ექსტრემისტული იყო. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალიკმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე ტერორისტული ორგანიზაცია დაიშის („ისლამური სახელმწიფოს“ არაბული სახელწოდება) მხარდაჭერა გამოხატა. აშშ–ის გამოძიების ფედერალურ ბიუროში შემთხვევას ტერორისტულ აქტად აფასებენ.
პაკისტანელი მალიკი აშშ–ში საუდის არაბეთიდან ფარუქთან დაქორწინების მიზნით ჩავიდა.