თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ოთხშაბათს, აზია–წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტზე განაცხადა, რომ რუსეთს სირიასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში კონსტრუქციულ პარტინიორად მიიჩნევს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, მანილაში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას, ობამამ აღნიშნა, რომ რუსეთი ვენის მოლაპარაკებებზე იყო „კონსტრუქციული პარტნიორი სირიაში გარდამავალი პოლიტიკური პერიოდის ჩამოყალიბების მცდელობაში“. ამასთან, პრეზიდენტმა შეახსენა ჟურნალისტებს, რომ მხარეები ჯერჯერობით კვლავ ვერ თანხმდებიან ასადის ბედთან დაკავშირებით.
სირიის საკითხებზე საერთაშორისო შეხვედრა ვენაში შაბათს გაიმართა. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ რუსეთის, აშშ–ის, გაეროს, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საუდის არაბეთის, თურქეთის, ირანის წარმომადგენლები და სხვა რეგიონული მოთამაშეები, ასევე ევროკავშირის, არაბული სახელმწიფოების ლიგისა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლები. სირიის საკითხებზე ვენაში გამართული მეორე შეხვედრა კონფლიქტის პოლიტიკური გადაჭრის გზების ძიებას მიეძღვნა.
საერთაშორისო შეხვედრის მონაწილეებმა ვენაში გადაწყვიტეს, რომ ქვეყნის მთავრობისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები მომავალი წლის 1 იანვრამდე უნდა გაიმართოს, ხოლო 18 თვის განმავლობაში რესპუბლიკაში ახალი კონსტიტუციით არჩევნები უნდა ჩატარდეს.