თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთისა და პაკისტანის საკითხებში რიჩარდ ოლსონი სამშაბათს ქაბულს ეწვია, სადაც ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან უსაფრთხოებისა და შეიარაღებული ძალების სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილა, იუწყება სახელმწიფო დეპარტამენტი.
„ელჩმა ოლსონმა ეროვნული ერთიანობის მთავრობასა და მის ძალისხმევას რეგულირებისა და შერიგების (ავღანეთში) კუთხით აშშ-ის მხარდაჭერა გამოუცხადა. მან ასევე გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერა ავღანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნულ ძალების მიმართ“, — აღნიშნულია განცხადებაში.
ოლსონის ვიზიტი ვაშინგტონის ძალისხმევის კონტექსტში გაიმართა, რაც ავღანეთში ვითარების სტაბილიზაციისკენ არის მიმართული.
ორშაბათს აშშ-ის, ჩინეთის, პაკისტანისა და ავღანეთის წარმომადგენლებმა ისლამაბადში გამართული შეხვედრის შედეგების მიხედვით აღნიშნეს, რომ ავღანეთის კონფლიქტი სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს, მათ შორის რადიკალურ მოძრაობა „თალიბანთან“ პირდაპირი მოლაპარაკებების გზით „ქვეყნის ერთიანობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისთვის“, იუწყება სახელმწიფო დეპარტამენტი.
ჯგუფის შემდეგი სხდომა 18 იანვარს ქაბულში გაიმართება. მხარეები მშვიდობიანი პროცესის „საგზაო რუკის“ განხილვას გეგმავენ.
აშშ-ის სამხედრო ძალები მოძრაობა „თალიბანის“ ბოევიკების წინააღმდეგ ავღანეთში 2001 წლიდან მონაწილეობენ. თავდაპირველად მისიის დასრულება 2014 წლისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა, ქვეყნის მთავრობის თხოვნის საფუძველზე, მისია განაგრძეს.
ბოლო თვეებში ვითარება ავღანეთში საგრძნობლად გაუარესდა. როგორც სააგენტო „რია ნოვოსტის“ ავღანეთში გაეროს სპეციალურმა წარმომადეგნელმა ნიკოლას ჰეისომმა განუცხადა, „თალიბანი“ და ქვეყანაში შედარებით გვიან გამოჩენილი „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები სამ პროვინციაში გავლენის მოსაპოვებლად აშკარად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
მოძრაობა „თალიბანი“ მანამდე ავღანეთის სოფლის ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებდა, ახლა კი მსხვილ ქალაქებში თავისი გავლენის გაძლიერება დაიწყო. სექტემბრის ბოლოს „თალიბანის“ ბოევიკებმა ჩრდილოეთ ავღანეთში ქუნდუზი დაიპყრეს, სადაც მშვიდობიან პერიოდში დაახლოებით 300 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ამჯერად კი გაზნის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრს გაზნის უტევენ.