თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სპორტსმენი და მსახიობი დეპუტატები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი პროფესიების გამო, შეიძლება, ადგილები დაკარგონ.
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ქართულ მედიასაშუალებებს განუცხადა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ ფრაქციაში დღევანდელთან შედარებით შესამჩნევად ნაკლები სპორტსმენი და მსახიობი იქნება. მისი განცხადებით, მომავალ პარლამენტში აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილების მქონე, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2016 წლის შემოდგომაზე ჩატარდება.
„ცვლილებები გუნდში ყოველთვის აქტუალური თემაა, და ერთი მხრივ, ეს ცუდი არაა, რადგანაც სულ უფრო და უფრო უკეთესი კადრები უნდა მოვიდნენ. თუმცა, სპორტსმენები და მსახიობები მხოლოდ ხელოვნებას არ ემსახურებიან. მე, მაგალითად, იურისტი ვარ და ხუთი წლის განმავლობაში ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის პრორექტორი ვიყავი, და ის, რომ ასევე სპორტსმენიც ვარ, დანაშაული არ უნდა იყოს“, — განუცხადა ჟურნალისტებს სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიოდოში შოთა ხაბარელმა.
მისი თქმით, „პარლამენტი წარმომადგენლობითი ორგანოა და აქ ყველა სფეროს სპეციალისტია აუცილებელი — ექიმეი, ეკონომისტი, იურისტი და ა. შ.“. დეპუტატმა ასევე დასძინა, რომ პარლამენტში 150 დეპუტატია და აქედან მსახიობი და სპორტსმენი მხოლოდ 10 ადამიანია.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურის განცხადებით, „ამ თემაზე შიდაკოალიციური კონსულტაციები არ ყოფილა“.
"პარლამენტში ხუთი მსახიობი ვართ და არ მგონია, ეს ხუთი კაცი ვქმნიდეთ რაიმე უბედურებას… თუ უმრავლესობის წევრი ხარ, გუნდის წევრი ხარ, საერთო წესს უნდა დაემორჩილო და შენც რაღაც კორექტივი უნდა შეიტანო. კულტურისა და ხელოვნების სფეროში იურისტმა ჩემზე ნაკლები იცის, რა სჭირდება თეატრს, ოპერას, მხატვრობას", — განაცხადა მსახიობმა პაატა ბარათაშვილმა.
ქართულმა მედიამ და არასამათავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ გააკრიტიკეს მმართველი კოალიცია იმის გამო, რომ პარლამენტის რიგებში არაშესაბამისი კომპეტენციის ადამიანები არიან. ეს საკითხი აქტიურად მას შემდეგ განიხილება, რაც დეპუტატს, კინორეჟისორ სოსო ჯაჭვლიანს პარლამენტში გამოსვლისას აბრევიატურა EBRD-ის (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) ინგლისური გამოთქმა ბორდელში აერია.