თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარასკევს, 8 იანვარს პოლიტიკურ ძალებს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კონსულტაციებისკენ მოუწოდა.
საქართველოში ე.წ. შერეული სისტემაა: საქართველოს პარლამენტი 77 დეპუტატისაგან შედგება, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით აირჩევა და 73 დეპუტატი, რომელიც მაჟორიტარული სისტემით აირჩევა. ოპოზიციამ არა ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა.
"კიდევ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ გვაქვს საინტერესო ვითარება. ჩვენ გვაქვს სრული თანხმობა ყველა პოლიტიკურ ძალას შორის — როგორც მმართველ კოალიციას, ასევე ოპოზიციურ სპექტრს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთასორისო ორგანიზაციებს. 250 000 ქართველ ამომრჩეველს დადასტურებული აქვს ის პოზიცია, რომ ჩვენთვის საუკეთესო არის პროპროციულ სისტემაზე გადასვლა. შესაბამისად, მე კიდევ ერთხელ აქტიურად მოვუწოდებ თანამშრომლობისკენ, რადგან ჩვენ ყველას ერთად გვესმის და ვიცით, რა არის საუკეთესო. რატომ არ დავადგინოთ ეს საუკეთესო დღეს, არამედ მოვითმინოთ კიდევ 4 წელიწადი?— მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პოლიტიკურ ძალებს კონსულტაციებისკენ. იქედან გამომდინარე, რომ ვიცით, რა არის საუკეთესო და ვიცით, რომ უკეთესი და უფრო დემოკრატიული და უფრო ევროპული საარჩევნო გარემო არის მაშინ, როცა მთელი პოლიტიკური სპექტრი თანხმდება ძირითად თამაშის წესებზე. ეს არ არის მარტო ჩემი აზრი, არამედ ეს არის ის აზრი, რომელსაც გვიზიარებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები", — განაცხადა მარგველაშვილმა.
2016 წლის შემოდგომაზე საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პირველი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იგეგმება. პარტიები 150 დეპუტატის მანდატისათვის იბრძოლებენ.