თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი საქართველოსთვის მსოფლიო ბაზარზე დაწეული ნავთობის ფასების ფონზე უდვაოდ საინტერესო იქნება, მიაჩნია ეკონომისტ ლევან კალანდაძეს.
„მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის დაწევის შედეგად ახალი მოცემულობა შეიქმნა. კერძოდ, ქვეყნებს, რომლებსაც ნავთობის და ნავთობპროდუქტების ექსპორტისგან ძალიან დიდ შემოსავალი ჰქონდათ, ფასის მნიშვნელოვნად შემცირების შედეგად ის მნიშვნელოვნად შეუმცირდათ, ის ქვეყნები კი, რომლებიც ნავთობის იმპორტიორები იყვნენ, ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ“- აღნიშნა ლევან კალანდაძემ.
ეკონომისტის აზრით, იმ ქვეყნებისთვის, რომელთა ეკონომიკაც ნავთობის იმპორტზე იყო დამოკიდებული, მსოფლიო ბაზარზე ფასების ცვლილებამ ახალი კონიუნქტურა წარმოქმნა და ბუნებრივია ინვესტორების ყურადღებაც მნიშვნელოვანწილად სწორედ ასეთი ტიპის ქვეყნებისკენ, მათ შორის საქართველოსკენ იქნება მიმართული.
„შესაძლებელია ნავთობის იმპორტიორი ქვეყნებისთვის დავოსის ფორუმზე საერთოდ ახალი მოცემულობა წარმოიქმნას, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ რა შესთავაზებს საქართველოს მთავრობა თავის პარტნიორებს. იმის გათვალისწინებით, რომ 2014 —2015 წლებში საქართველოში საერთაშორისო ფორუმების ჩატარებით კარგი საფუძველი ჩაეყარა ინვესტორებთან ურთიერთობას, სრულიად შესაძლებელია მალე ლოჯისტიკური, ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული მიმართულების ახალი პროქტები ვიხილოთ“-მიაჩნია ლევან კალანდაძეს.
მისივე თქმით, დავოსის ეკონომიკური ფორუმი კარგი პლატფორმაა სახელმწიფოსთვის დონორ ორგანიზაციებისთვის საინვესტიციო კომპანიებისთვის საკუთარი პოტენციალის შესათავაზებლად.
საქართველოს იანვრის ბოლოს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე წარადგენს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით.
შვეიცარიის ქალაქ დავოსში 46-ე საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი 20-23 იანვარს ჩატარდება. ფორუმზე გლობალური ბიზნესისა და ხელისუფლების წარმომადგენლები იმსჯელებენ მსოფლიო ეკონომიკაში არსებულ რთულ ვითარებაზე, აქედან გამოსვლის გზებსა და ნდობის აღდგენაზე.
ქართული დელეგაცია დავოსის ფორუმში 21-22 იანვარს მიიღებს მონაწილეობას, განაცხადეს მთავრობის პრესსამსახურში.
ამ ეტაპზე ვიზიტის პროგრამა თანხმდება. უკვე ცნობილია, რომ პრემიერთან ერთად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაემგზავრება.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (World Economic Forum) — საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც უკვე 40 წელზე მეტია, აქტუალური ეკონომიკური საკითხების განსახილველად მსოფლიო ლიდერებსა და ბიზნესის „ვეშაპებს“ კრებს.