თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩი რუმინეთის გუნდთან ანგარიშით 6:12 წააგო.
ორთაბრძოლის დაწყებამდე ზოგიერთი სპეციალისტი ფიქრობდა, რომ საქართველოს ნაკრები, რომელიც ზედიზედ მეორედ გავიდა კონტინენტის პირველობაზე, რუმინელებს ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდა. და ამისთვის გარკვეული წინაპირობები იყო. დეკემბერში, თურქეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, იოვან პოპოვიჩის გუნდმა რუმინეთის ნაკრებს ანგარიშით 12:9 სძლია.
ქართველი წყალბურთელების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ შეხვედრის პირველი ნახევარი საკმაოდ ძლიერ რუმინეთის ნაკრებთან თანაბარი ძალით მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდები ერთმანეთს არც თუ ცუდად იცნობენ, მატჩის სასტარტო მეოთხედი ერთმანეთის ძალების მოსინჯვაში წარიმართა, საიდანაც მეტი სარგებელი რუმინელებმა მიიღეს და 2:1 გაიმარჯვეს.
სამაგიეროდ, მეორე სათამაშო მონაკვეთი ქართული გუნდის უპირატესობით მიმდინარეობდა. შეტევაში აქტიურობისა და სწორად აგებული დაცვის შედეგად ზურაბ რურუამ, მიხეილ ბაღათურიამ და დამირ ცრეპულიამ წარმატება იზეიმეს. რუმინელებმა, თავის მხრივ, ივან სტრუიჩის კარი ორჯერ აიღეს. მეორე მონაკვეთის შემდეგ ფრე შედეგმა ქართველ გულშემატკივარს "С" ჯგუფის სასტარტო მატჩის წარმატებით დამთავრების იმედი მისცა.
მაგრამ ის, თუ როგორ წარიმართა შეხვედრის მეორე ნახევარი, ალბათ, მწვრთნელთა შტაბისა და გუნდის ხელმძღვანელობის განხილვის საგანი გახდება.
მესამე მეოთხედის უკვე 30-ე წამზე ქართველი წყალბურთელები წინ გავიდნენ, მაგრამ ეს თამაშში ბოლო პოზიტიური მომენტი იყო. საქართველოს ნაკრებმა ინიციატივა მთლიანად მოწინააღმდეგეს გადასცა, უამრავ შეცდომას უშვებდა. ყოველივე ამის გამო რუმინელებმა ქართველთა კარი ხუთჯერ აიღეს.
დასკვნითი მეოთხედი რუმინელებმა ეკონომ-რეჟიმში ჩაატარეს. მიუხედავად ამისა, ქართველმა წყალბურთელებმა ამით არ ისარგებლეს. რუმინელებმა ანგარიში 12-მდე გაზარდეს და მხოლოდ ერთი ბურთის გატანის უფლება მისცეს მიხეილ ბაღათურიას — 12:6 — ასეთია საბოლოო ანგარიში.
შემდეგ თამაშს საქართველოს ნაკრები 13 იანვარს გერმანიის წინააღმდეგ ჩაატარებს, იმავე დღეს რუმინელები იტალიელებს შეხვდებიან.