თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. The Guardian-ის რეიტინგში საქართველოს მოხვედრა, ქვეყანაში ამერიკიდან და ევროპიდან მოგზაურობის მსურველების რაოდენობას გაზრდის, — განაცხადა ექსპერტმა ტურიზმის საკითხებში ნიკო კვარაცხელიამ.
„ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვს, რომ The Guardian-ის ტოპ-ნიუსებში საქართველოს მოხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველომ გაიჟღერა როგორც ტურისტულმა ქვეყანამ და ის მილიონობით მკითხველი, რომელიც The Guardian-ს ჰყავს და რომელიც აქამდე ორჭოფობდა ენახა თუ არა საქართველო, ამის მერე უფრო ადვილად გადაწყვეტს საქართველოს ნახვას.“ — განაცხადა ნიკო კვარაცხელიამ.
ექსპერტის თქმით, მართალია The Guardian-ის რეიტინგში საქართველოს მოხვედრა, ტურისტების რაოდენობას არ გააოგმაგებს, მაგრამ გარკვეულ წილად გაზრდის ჩამომსვლელთა პროცენტულ რაოდენობას იმ ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ტურისტები ნაკლებად ჩამოდიან.
„ჩვენ გვკვებავს ძირითადად ხუთი მეზობელი ქვეყანა:აზერბაიჯანი, თურქეთი სომხეთი, რუსეთი და უკრაინა. აქედან შემოდის საქართველოში ტურისტების ყველაზე მეტი რაოდენობა. ჩვენ ცოტა გვყავს ტურისტი ამერიკიდან და ევროპიდან და სწორედ მათი რაოდენობა უნდა გაიზარდიოს რამდენიმე პროცენტით The Guardian-ის რეიტინგში საქართველოს მოხვედრის შემდეგ“-განაცხადა ნიკო კვარაცხელიამ.
საქართველო ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის The Guardian-ის ტოპ—სიაში იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, რომლის მონახულების რეკომენდაციასაც გამოცემა თავის მკითხველს უწევს.
ცნობილმა ყოველკვირეულმა გამოცემამ, შეადგინა იმ ადგილების რეიტინგი, სადაც შეიძლება მიმდინარე წელს აღინიშნოს იუბილეები, სამახსოვრო თარიღები და ასევე მოიწყოთ დაუვიწყარი დასვენება.
The Guardian თვლის რომ მოგზაურებისათვის საქართველო მრავალმხრივი აღმოჩენების ქვეყანაა — ღვინის ტურებით, ისტორიული და კულტურული ძეგლებით და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებით.
გარდა ამისა, გამოცემის აზრით საქართველო ტურისტებისათვის მიმზიდველია სხვა სახის კომფორტითაც — იაფი ავიარეისები, 5, 4, 3 ვარსკვლავიანი სასტუმროები, ბარების, რესტორნებისა და კულტურული გასართობი ღონისძიებების დიდი არჩევანი, ასევე ქართული ღვინოების დაგემოვნების შესაძლებლობა.
საქართველოს გარდა The Guardian-ის რეიტინგში მოხვდა მსოფლიოს ისეთი ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა ავსტრალიის მარჯნის რიფები, ფრანგული ქალაქი ბორდო, ირლანდიის, სლოვენიისა და დანიის დედაქალაქები, 2016 წლის ზაფხული ოლიმპიური თამაშების მასპინძელი — რიო-დე ჯანეირო, ინგლისური საგრაფო კორუოლი, მხატვარ ბოსხის სამშობლო — ჰოლანდიური ჰერტოგენბოსი, ინგლისური საგრაფო დარემი და აშშ-ს ბუნებრივი ლანდშაფტები.
2016 წლის დასვენებისათვის პოპულარულ ადგილებს შორის The Guardian-მა ასევე დაასახელა ისლანდია, საფრანგეთი, კანადა, შოტლანდია, იტალია, ინდოეთი, შრი-ლანკა, ირანი, იაპონია, პერუ, კოსტა-რიკა და სხვა.