რობერტ ფიქსი, The Independent, დიდი ბრიტანეთი
საუდის არაბეთში საჯაროდ მოწყობილი მასობრივი სასაკლაო, რა დროსაც 47 ადამიანს მოკვეთეს თავები, მათ შორის, გავლენიან შიიტ მოძღვარ შეიხ ნიმრ ბაქრ ან-ნიმრს (Nimr Baqr al-Nimr), სრულად შეესაბამება „ისლამური სახელმწიფოს“ დანაშაულებს. შესაძლოა, სწორედ ამაში მდგომარეობს აზრი. სუნიტური მუსლიმური მონარქიის მიწაზე მოწყობილმა ამ წარმოუდგენელმა ხოცვა-ჟლეტამ, რომელიც, ეჭვი არაა, ირანელებისა და სრულიად შიიტური სამყაროს გამწარებისკენ იყო მიმართული, კიდევ უფრო გააღვივა რელიგიური კონფლიქტი, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ მთელი ძალით გვახვევს თავს.
სიკვდილით დასჯის ვიდეოჩანაწერებიღა გვაკლდა, თორემ გასულ წელს საუდის არაბეთში მოწყობილი 158 სიკვდილით დასჯა სრულად შეესაბამებოდა „ისლამური სახელმწიფოს“ ვაჰაბიტურ სწავლებას.
შეიხი ნიმრი უბრალო, რიგითი მოძღვარი არ იყო. მან მრავალი წელი გაატარა თეირანსა და სირიაში ღვთისმეტყველის ხარისხში. ეს იყო საუდის არაბეთის აღმოსავლეთ პროვინციებში ღრმად პატივცემული შიიტი ლიდერი, რომელიც არცერთი პოლიტიკური პარტიის მხარეს არ იდგა, თუმცაღა თავისუფალი არჩევნების შემოღებას მოითხოვდა. მას ხშირად აპატიმრებდნენ და აწამებდნენ კიდეც იმის გამო, რომ საუდის არაბეთის სუნიტურ-ვაჰაბიტური მთავრობის მოწინააღმდეგე გახლდათ. შეიხი ნიმრი ამბობდა, რომ სიტყვა ძალადობაზე ძლიერია. და საუდის არაბეთის ხელისუფლების განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს სიკვდილით დასჯა არ ატარებდა კონფესიათაშორის ბრძოლის ბეჭედს — ვინაიდან თავები მოჰკვეთეს როგორც შიიტებს, ისე სუნიტებს — ეს ახსნა ტიპიურია „ისლამური სახელმწიფოს“ რიტორიკისთვის.
ბოლოს და ბოლოს, „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები სუნიტ „რჯულგანდგომილებს“, სირიელ სუნიტებსა და ერაყელ ჯარისკაცებს ისევე მარტივად ხოცავენ, როგორც ისინი ხოცავენ შიიტებს.
შეიხი ნიმრი „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებს რომ ჩავარდნოდათ ხელში, ზუსტად ისევე მოექცეოდნენ, როგორც მას საუდის არაბეთის ხელისუფლება მოექცა — თუმცა ფსევდო-ლეგალური სასამართლოს ფარსის გარეშე, რომლის წინააღმდეგაც გამოდიოდა ორგანიზაცია Amnesty International.
ეს სასაკლაო საუდელების მხრივ მხოლოდ სულიერი ლიდერისადმი სიძლვილის გამოვლინებად კი არ იქცა — რომელიც სიხარულით შეხვდა საუდის არაბეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, მოჰამედ ბინ ნაიეფის მამის, კრონპრინც ნაიეფ აბდელ-აზიზ ალ-საუდის (Nayef Abdul-Aziz al-Saud) სიკვდილს — არამედ იმედიც გამოთქვა, რომ მას „მატლები შეჭამენ და ჯოჯოხეთის ყველა საწამებელს გამოცდის“.
ნიმრის სიკვდილით დასჯა იემენში ჰუსიტების ახალ ამბოხებას გამოიწვევს, სადაც საუდის არაბეთი შეიჭრა და დაბომბვა დაიწყო, რათა შიიტების ხელისუფლება გაენადგურებინა. ამ მოვლენამ უკვე გაამძვინვარა შიიტების უმრავლესობა ბაჰრეინში, ხოლო ირანის სულიერმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ეს სიკვდილით დასჯა საუდის არაბეთის სამეფო ოჯახს განადგურებით დაუბრუნდება.
ეს სასაკლაო დასავლეთს ახლო აღმოსავლეთის ყველაზე დელიკატური პრობლემის წინაშე დააყენებს — სამეფოს მტრების გროტესკული სიკვდილით დასჯის გამო აღშფოთების რბილად გამოთქმის საპირწონედ, სპარსეთის ყურის მდიდარი და ავტოკრატი მონარქებისადმი მლიქვნელობა და თავის დამცირება კვლავაც აუცილებელ პირობად დარჩება. „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებს შიიტებისა და სუნიტებისთვის რომ თავები დაეჭრათ, შიიტი მოძღვარი შეიხი ნიმრი მათ რომ დაესაჯათ სიკვდილით, დარწმუნებული ვარ, დევიდ კემერონს უკვე დაწერილი ექნებოდა „ტვიტერში“, რაოდენ აღშფოთებულია იგი. მაგრამ ადამიანი, რომელმაც ამ ვაჰაბიტური სახელმწიფოს უკანასკნელი მეფის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრიტანული დროშის დაშვების ბრძანება გასცა, რაღა თქმა უნდა, შეეცდება, რომ ამ დასჯის კომენტირებისას მკვეთრი შეფასებები არ გამოიყენოს.
რაოდენ ბევრი სუნიტიც არ უნდა დასაჯონ სიკვდილით საუდელმა ჯალათებმა „ალ-ქაიდადან“, ვაშინგტონისა და ევროპული დედაქალაქების წინაშე გარდაუვლად დადგება ერთი შეკითხვა: ნუთუ საუდის არაბეთი, აიძულებს რა დასავლელ მოკავშირეებს მხარი დაუჭირონ მსგავსი სისასტიკის გამოვლენაში, ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების საფუძვლების განადგურებას ცდილობს? იმ სამყაროში, რომელშიც ისინი ცხოვრობენ (სადაც იემენში შეჭრილი თავდაცვის ახალგაზრდა მინისტრი მკვეთრ ანტიპათიას განიცდის შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ) საუდელები კვლავაც ტრაბახობენ ანტიტერორისტულ კოალიციაში მონაწილეობით, რომელიც 34 სუნიტურ სახელმწიფოს მოიცავს. ამ უკანასკნელებმა, თავის მხრივ, ტერორის წინააღმდეგ მებრძოლი მუსლიმების ლეგიონი უნდა ჩამოაყალიბონ.
47 ადამიანის სიკვდილით დასჯა საუდის არაბეთში ახალი წლის აღნიშვნის უპრეცედენტო მეთოდად და თითქმის ისეთივე სანახაობად იქცა, როგორიც გახლავთ დუბაის მდიდრული ფეიერვერკი.
თუ მომხდარის პოლიტიკურ სარჩულს გვერდზე გადავდებთ, სხვა შეკითხვა წამოიჭრება, რომელიც საუდიტების უცვლელ დინასტიას უკავშირდება: ნუთუ სამეფოს მმართველები ჭკუიდან შეიშალნენ?