თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. მთავრობა გააგრძელებს მნიშვნელოვანი რეფორმებისა და ღონისძიებების განხორციელებას DCFTA-ით აღებული ვალდებულებების ეფექტიანი იმპლემენტაციისთვის, ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში „ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსათვის“, რომელიც საქართველოს პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასთან ერთად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ნდობის მანდატის მოპოვებისათვის წარუდგინა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ DCFTA-ს ამოქმედებამ უკვე დადებითი გავლენა მოახდინა საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის ზრდაზე — მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში გაზრდილია 6%-ით. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე. ამ შეთანხმების შედეგად, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მაღალმყიდველუნარიანი ბაზარი, რომელიც აერთიანებს 4 ქვეყანას (შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი) და 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს.
უკვე გაიმართა მოლაპარაკებების ორი რაუნდი. 2015 წელს ჩინურ მხარესთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, დასრულდა ჩინეთ- საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის ერთობლივი კვლევა, რომლის თანახმადაც საქართველოს ექსპორტი ჩინეთში გაიზრდება, მათ შორის, მნიშვნელოვნად გაიზრდება ღვინის ექსპორტი. მიღწეულ იქნა შეთანხმება ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ჩინეთთან მოლაპარაკებები დაიწყება 2016 წლის დასაწყისში. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა კიდევ ერთი დამატებითი სტიმული გახდება ბიზნესისთვის ახალი წარმოების ან არსებულის გასაფართოებლად. მნიშვნელოვანია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობა. მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა ამერიკულ მხარესთან 17 ვაჭრობასა და ინვესტიციებთან დაკავშირებული მაღალი დონის დიალოგის ფარგლებში, მათ შორის, შესაძლო თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის მიმართულებით.