თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის იდეა უტოპიური არ არის, განაცხადა პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ვახტანგ მაისაიამ Sputnik–თან საუბარში პარასკევს, 25 დეკემბერს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა 24 დეკემბერს რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად მზადაა. საქართველოს პრემიერ–მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
„აქედან გამომდინარე, ჩვენს მთავრობას ღარიბაშვილის დროს რუსეთთან ურთიერთობებში უფრო პრაგმატული ხაზი ჰქონდა: ისინი კულტურულ, ეკონომიკურ და… ნაწილობრივ, პოლიტიკურ კავშირებს ამყარებდნენ – დიპლომატიური ურთიერთობების მოგვარების იდეა უტოპიურად არ ჟღერს“, – განაცხადა ექსპერტმა.
დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ის ფაქტიც ართულებს, რომ 2008 წლის მოვლენების შემდეგ საქართველოსა და რუსეთს სამშვიდობო ხელშეკრულებაზეც კი არ მოუწერიათ ხელი. მხარეები მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით შემოიფარგლნენ, რომელსაც ხელი საფრანგეთის, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებმა მოაწერეს, დასძინა ექსპერტმა.
რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ რუსეთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვიდნენ, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხში არანაირ დათმობაზე არ წავა.
ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, ასევე რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილი გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს. შეხვედრების ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს, მასზე ვაჭრობის, სატრანსპორტო მიმოსვლის, კულტურულ–ჰუმანიტარული თანამშრომლობის თემებს განიხილავენ.