თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთთან მიმართებით გაწონასწორებულ პოლიტიკას გააგრძელებს, მიიჩნევს გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი.
ირაკლი ღარიბაშვილმა 23 დეკემბერს პრემიერ–მინისტრის თანამდებობა ყველასთვის მოულოდნელად დატოვა. ამის შემდეგ, პარასკევს, 25 დეკემბერს, საპარლამენტო უმრავლესობამ ვიცე–პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე ოფიციალურად წარადგინა. კანდიდატურას მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც.
„მან თავი კარგად წარმოაჩინა როგორც ეკონომიკის, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროში. მართალია, ქვეყნის პრემიერის შეცვლის თაობაზე ჩემი პროგნოზი რამდენიმე თვის წინ განვაცხადე, მაგრამ ვვარაუდობდი, რომ პრემიერი სერგეენკო გახდებოდა (ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი), რომელიც ძალზე პოპულარულია და სახელმწიფო დაზღვევის სფეროში რეფორმით გაითქვა სახელი. თუმცა კვირიკაშვილიც კარგი კანდიდატურაა. ვნახოთ, რა იქნება. არჩევნებამდე წელიწადზე ნაკლები დრო დარჩა, ამომრჩევლის ნდობის დასაბრუნებლად კი გასაკეთებელი ძალზე ბევრი იქნება“, – განაცხადა დევდარიანმა Sputnik–ის კორესპონდენტთან საუბარში.
ძალზე ძნელია საუბარი იმის შესახებ, შეძლებს თუ არა ახალი პრემიერი საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებში პოზიტიური წვლილის შეტანას, რადგანაც მოლაპარაკებების ოფიციალური ფორმატი, გარდა კარასინი–აბაშიძის ფორმატისა, არ არსებობს, აცხადებს ექსპერტი.
„პირდაპირი დიალოგი რუსეთსა და საქართველოს შორის არ არსებობს. თუმცა, როგორც ჩანს, საგარეო უწყებები როგორღაც თანამშრომლობენ. რადგანაც, ჩვეულებრივ, ასე არ ხდება, რომ ერთ მშვენიერ დღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი განცხადებას აკეთებს და ზუსტად ორ–სამ დღეში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი მარტივდება. როგორც ჩანს, მუშაობა მაინც მიდის. პირადად მე მხოლოდ მივესალმები ამას და ვვარაუდობ, რომ პრემიერი ასეთივე გაწონასწორებულ ხაზს (რუსეთთან ურთიერთობაში) გააგრძელებს“, – აღნიშნა დევდარიანმა.
რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ რუსეთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვიდნენ, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხში არანაირ დათმობაზე არ წავა.
ამ დროისათვის რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ვიზების გარეშე ეწვიონ საქართველოს, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს კი რუსეთის ტერიტორიაზე შესასვლელად ვიზები ესაჭიროებათ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 17 დეკემბერს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს. 22 დეკემბერს კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 23 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვი რუსეთის ვიზების მიღება გამარტივდება.
ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, ასევე რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილი გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს. შეხვედრების ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს, მასზე ვაჭრობის, სატრანსპორტო მიმოსვლის, კულტურულ–ჰუმანიტარული თანამშრომლობის თემებს განიხილავენ.