ტრადიციები: ქართული ახალი წელი

© photo: Sputnikსაახალწლო მორთულობა
საახალწლო მორთულობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი წლის შესახვედრად მრავალი სხვადასხვა რიტუალი არსებობდა. ბევრმა მათგანმა საუკუნეებს გაუძლო და დღესაც სრულდება.

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. წინასაახალწლო დღეებში მთელს თბილისში ჩიჩილაკებით გამალებული ვაჭრობა მიდის. ჩიჩილაკი საახალწლო ნაძვის ხის ქართული ვარიანტია. ჩიჩილაკს ჩირებით რთავენ, ხოლო საახალწლო დღესასწაულის შემდეგ, ტრადიციულად, წვავენ – მის ფერფლს გასული წლის ყველა წარუმატებლობას ატანენ. 

ახალი წლის სურნელი ჰაერში უკვე დეკემბრის შუა რიცხვებიდან იგრძნობა. საქართველოს დედაქალაქში დღესასწაულისთვის საფუძვლიანად ემზადებიან. დიასახლისები სახლს ალაგებენ, რადგან ახალ წელს გაკრიალებული შუშებით, პრიალა იატაკით, ჭერითა და კუთხე–კუნჭულით უნდა შეხვდე. 

საახალწლო განათება - Sputnik საქართველო
თბილისში საახალწლო ზეიმი 25 დეკემბერს დაიწყება

მთავარი ორომტრიალი დაკავშირებულია საახალწლო სუფრასთან. ამ წმინდათაწმინდა საქმიანობას ბევრი თბილისელი დეკემბრის დასაწყისიდან შეუდგება ხოლმე. ყველაზე წინდახედულები ორი–სამი კვირით ადრე შედარებით იაფად ყიდულობენ ქათმებს, ინდაურს, გოჭს. ამგვარი გააზრებული ნაბიჯი ადვილად ასახსნელია – ახალი წლის წინ ბაზარში ფასები თითქმის გაორმაგებულია. 

ამასთან, წინასაახალწლო დღეებში ბაზარში ვერც შეხვალ. მისი კედლები საახალწლო მოვაჭრეებს ვერ იტევს, რომელთაც თავიანთი საქონლით ბაზრის მიმდებარე ქუჩები აქვთ „ოკუპირებული“, მაგრამ ადგილი მაინც არაა საკმარისი. ათასობით ადამიანი მიიჩქარის საყიდლებზე.

ამ დროს თბილისურ ბაზრებს ენით ვერ აღწერ. მრავალხმიანი საუბრები განუწყვეტელ გუგუნშია არეული და ამას თან საავტომობილო სიგნალებიც ერთვის.  ხალხის მასა დახლებს მდორედ მიუყვება. დახლებზე კი ყველაფერია – რაც სულსა და გულს ეამება. 

ერთ ადგილას შინაური საქონელი და ფრინველია თავმოყრილი – ზოგი ღრუტუნებს, ზოგი კიკინებს, ზოგიც კრიახებს. იქვე მათი „თანამოძმეები“ ნახევარფაბრიკატების სახითაა წარმოდგენილი. გვერდით მწვანილითა და ხილით ვაჭრობენ, შორიახლოს ნაძვის ხეებია წარმოდგენილი – ცოცხალი და ხელოვნური, სხვადასხვა ზომის. ყველგან გირლანდები და სამშვენისებია. ყველგან სროლისმაგვარი ხმა ისმის – ეს დენთიანი შუშხუნების მყიდველები არიან, რომლებიც „საქონელს“ ადგილზე ამოწმებენ.

საახალწლო ნაძვის ხე - Sputnik საქართველო
Euronews–ი: თბილისის საახალწლო ნაძვის ხე ერთ–ერთი უჩვეულოა

ჭყლეტიდან გამოსასვლელად ერთი და ორი საათი არ გეყოფა. თუმცა, ბაზარი ახალი წლის წინ ქალაქელების ნამდვილი „მექა“ იყო და ახლაც ასეა. ეს ერთგვარი რიტუალია, რაც ჯიბის სისქეზე არანაირად არ არის დამოკიდებული. ბაზარში მიდის ყველა – იმიტომ, რომ ასეთი ტრადიციაა, თან მაღაზიაში კიდევ უფრო ძვირია. ამასთან, სუპერმარკეტებში გაგიჭირდება შენთვის მოსაწონი სოფლის ქათმის, საცივისთვის საჭირო სუნელების, ჯონჯოლის, ჩურჩხელის, ხურმის ჩირისა და სხვა ნუგბარის არჩევა, რომლის გარეშეც საქართველოში ახალი წლის სუფრა წარმოუდგენელია.

ვარსკვლავები, ანგელოზები და მანათობელი გვირგვინები – თბილისი ახალ წელს ხვდება - Sputnik საქართველო
ვარსკვლავები, ანგელოზები და მანათობელი გვირგვინები – თბილისი ახალ წელს ხვდება

საახალწლო სუფრა ასევე წარმოუდგენელია გოზინაყისა და გოჭის გარეშე, თანაც, რაც უფრო მსუყეა გოჭი, მით უკეთესი. ტრადიციისამებრ, ამან ოჯახს მომავალ წელს კეთილდღეობა უნდა მოუტანოს. 

საქართველოში ახალი წლის დახვედრის სხვადასხვა რიტუალი არსებობდა. ბევრმა მათგანმა საუკუნეებს გაუძლო და დღემდე სრულდება.

მთელს საქართველოში დღესასწაულის აუცილებელი ატრიბუტი უკვე ნახსენები ჩიჩილაკი – ე. წ. წმინდა ბასილის წვერი იყო, რომელიც ცხოველთა მფარველად მიიჩნეოდა. ამ „ნაძვის ხეზე“ კიდებდნენ ხილს და სადღესასწაულო დღეების გასვლის შემდეგ წვავდნენ, რათა წმინდა ბასილს მომავალ წელს მათთვის კარგი მოსავალი მიეცა. 

უჩვეულო საახალწლო სათამაშოები - თბილისელები ახალი წლისთვის ემზადებიან - Sputnik საქართველო
უჩვეულო საახალწლო სათამაშოები - თბილისელები ახალი წლისთვის ემზადებიან

საქართველოში ახალი წლის რიტუალები ყველა კუთხეში თითქმის ერთნაირი იყო, თუმცა, ერთმანეთისგან გარკვეული ნიუანსებით განსხვავდებოდა. ამ რიტუალების უმთავრესი მიზანი დამდეგ წელს ოჯახისთვის სიუხვისა და კეთილდღეობის მოპოვება წარმოადგენდა.

განსაკუთრებული ტრადიცია საახალწლო პურის – კვერების ცხობას უკვაშირდება. აცხობდნენ განსაკუთრებულ პურს – ბასილას. მაგალითად, ქართლში, იმერეთსა და რაჭაში პურს ყურძნის მტევნის მოყვანილობა ჰქონდა, გურიაში პური კვერის სახით ცხვებოდა და აგუნას (ღვინის ღმერთი, მევენახეობა-მეღვინეობის ქართული წარმართული ღვთაება) პური ეწოდებოდა, სამეგრელოში აგუნას სახელზე ოთხი ხაჭაპური ცხვებოდა. გამომცხვარი პური და კვერები ხონჩაზე, სხვა სანოვაგესთან ერთად დაწყობილი უმეტესად მარანში შეჰქონდათ და საგანგებო ტექსტს წარმოთქვამდნენ, შემდეგ მიუსხდებოდნენ სუფრას. ოჯახის თავი ახალ წელს ულოცავდა შინაურ პირუტყვს, ფრინველს, ვაზს, მცენარეებს, კარ–მიდამოს.

თბილისში ახალი წლის ღამეს ხალხი კარს ღიას ტოვებდა, რადგანაც მიიჩნევდნენ, რომ ბედნიერება სწორედ ახალი წლის ღამეს დახეტიალობს ქუჩაში და თუ კარი დაკეტილი იქნება, ის სახლში ვერ შეაღწევს. ახლა, რა თქმა უნდა, ხალხი კარს ღიას არათუ ღამით, არამედ დღისითაც კი აღარ ტოვებს.

თბილისელები 12 საათისთვის განსაკუთრებულ ტაბლას ამზადებდნენ. მასზე აწყობდნენ სხვადასხვა ნუგბარს, ოთხივე მხარეს სანთლებს ანთებდნენ. ახალი წლის დადგომის შემდეგ ოჯახის უფროსი ტაბლას იღებდა და მთელს სახლს შემოივლიდა. მიაჩნდათ, რომ მას უკან ანგელოზი დაჰყვებოდა, რომელიც ყველას ბედნიერებას, ხვავსა და ბარაქას მოუტანდა. 

12 საათზე მთელს საქართველოში ჰაერში ისვრიან, რაც სიხარულის თავისებური გამოხატულებაა. ესეც ძველი ტრადიციაა, მაგრამ ადრე ამას სრულიად სხვაგვარი დატვირთვა ჰქონდა. თითოეული გასროლა მიზანმიმართული იყო – მსროლელი დარწმუნებული იყო, რომ ტყვია ბოროტ სულს მოხვდებოდა და ახალ წელს ბოროტებას სიკეთე სძლევდა. 

ახალ წელს დაძინებასაც არავის ურჩევდნენ, რადგანაც შეიძლება საკუთარი ბედნიერება გაგეშვა ხელიდან. და არა მარტო – როგორც ჩანს, შესაძლოა, შენი წილი ჭკუაც დაგეკარგა – როგორც ამბობენ, სწორედ ამ დღეს რიგდებოდა ჭკუა ზეცაში.

ძალზე მნიშვნელოვანია ახალი წლის პირველი დღე. საქართველოში დღემდეა მეკვლესთან დაკავშირებული მთელი რიტუალი – „კარგი ფეხი“ ყოველთვის ფასობდა. ქართულ სოფლებში „კარგი ფეხის“ მქონე თანასოფლელი ჩამოუვლიდა თავის მეზობლებს. მეკვლეს მიჰქონდა ღვინო, ტკბილეული, ოჯახში შესვლისას კი საგანგებო სიტყვებს წარმოთქვამდა. ეს ტრადიცია დღესაც შენარჩუნებულია და მეკვლედ ყოფნა განსაკუთრებულ პატივად არის მიჩნეული, სწორედ მეკვლეს „ფეხზეა“ დამოკიდებული ოჯახის მომავალი წარმატება თუ წარუმატებლობა. ამის გაგება კი მხოლოდ განვლილი წლის შემდეგ შეიძლება. 

თბილისში 1 იანვარს ეწყობა სახალხო სეირნობა, ფოიერვერკები, წარმოდგენები, მაგრამ სახლში სადილამდე უნდა დაბრუნდე, თორემ მთელი წელის სახლში არ მოგიწევს ყოფნა. ხნიერი ადამიანები იმასაც ამბობენ, რომ ახალი წლის დღეებში არაფერი უნდა ითხოვო, რადგან მასთან ერთად ოჯახის კეთილდღეობა იკარგება. და კიდევ – წელიწადმა რომ ტკბილად ჩაიაროს, 1 და 2 იანვარს სახლში მწარე პროდუქტები არ უნდა შეიტანო.

დაბოლოს, თითოეულ ოჯახში ტრადიციული საახალწლო ნუგბარი უნდა იყოს – რაც უფრო მეტია ტკბილი საახალწლო სუფრაზე, მით უფრო ტკბილი იქნება დამდეგი წელიც. ყველაზე მთავარი ნუგბარი ახალ წელს გოზინაყია. 1 იანვარს დილით ოჯახის უხუცესი მთელს ოჯახს გოზინაყით უმასპინძლდება.

ახალი წლის ზეიმი საქართველოში ორ იანვარსაც გრძელდება – ეს „ბედობის დღეა“. ეს დღე სასიამოვნო ადამიანებთან უნდა გაატარო, უნდა მოერიდო კამათს შინ თუ გარეთ – როგორც გაატარებ დღეს, ისეთი იქნება მთელი წელიც. 

საახალწლო სუფრაზე მრავალი ტრადიციული სადღეგრძელო ისმება, მაგრამ მათ შორის პირველი მშვიდობის სადღეგრძელოა. ასე იქნება წელსაც. 


ყველა ახალი ამბავი
0