თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. რუსეთის ფედერაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაცემის წესს მაქსიმალურად გაამარტივებს, განაცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.
რუსეთის საგარეო უწყებამ გუშინ განაცხადა, რომ 23 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაცემის პროცედურები გამარტივდება.
„ამ ეტაპზე ჩვენ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე თანმიმდევრულად ვმუშაობთ. და ამის საფუძველი პრეზიდენტ პუტინის მიერ 17 დეკემბერს გაკეთებული განცხადება გახდა, რომელიც მიმართულია ორმხრივად სავიზო რეჟიმის გაუქმებისკენ. ამისათვის რამდენიმე ეტაპის გავლაა საჭირო. მორიგო ეტაპი ჩვენ გავიარეთ, როდესაც ვიზების გამარტივება გამოვაცხადეთ, რის საფუძველზეც, რუსეთში მცხოვრებ ნებისმიერი ეროვნების ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა რომ მოწვევა გამოუგზავნოს საქართველოს მოქალაქეებს“, – განაცხადა მან.
„ეს, შეიძლება ითქვას, რევოლუციური გადაწყვეტილებაა, რომელიც შესამჩნევად გაამარტივებს ურთიერთობებს ადამიანებს შორის“, – დასძინა კარასინმა.
რუსეთსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის აღდგენას ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არქონა აფერხებს.
„პერსპექტივაში ჩვენ ვისწრაფვით იმისკენ, რომ ნაცვალგების საფუძველზე უვიზო რეჟიმზე გადავიდეთ, რასაც, დამეთანხმებით, სერიოზული წინააღმდეგობები უდევს საფუძვლად. პირველ რიგში, დიპლომატიური ურთიერთობების არქონა, მათ შორის, საერთაშორისო ტეროტიზმთან ბრძოლა. რუსეთი და ყველა სახელმწიფო საკუთარი საზღვრებისა და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნავს“, – აღნიშნა კარასინმა.
„ერთი სტყვით, ეს კომპლექსური საკითხია, თუმცა საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას გულისხმობს“, – განმარტა კარასინმა.
დღეისათვის რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ, საქართველოს მოქალაქეებს კი რუსეთში სამოგზაუროდ ვიზები სჭირდებათ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს, 17 დეკემბერს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ განცხადება გააკეთა.