თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის მეოთხედი მხარს უჭერს ქვეყნის ევრაზიულ კავშირში შესვლას.
გამოკვლევის შედეგები, რომლის მიზანიც საქართველოში საზოგადოებრივი განწყობის შესწავლაა, ორშაბათს, 21 დეკემბერს, NDI–ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორი ტორნტონმა (Laura Thornton) წარმოადგინა.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 24% ისურვებდა რუსეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის მიერ დაარსებულ ევრაზიულ კავშირში შესვლას.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობამ რესპონდენტთა 54% შეადგინა. ამასთან, გამოკითხულთა 8% ეწინააღმდეგება როგორც ევროკავშირში, ისე ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას.
ამას გარდა, გამოკითხულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ განაცხადა, რომ მათთვის მისაღებია საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული კურსი ნატოსკენ, ხოლო 21%–სთვის ეს კურსი არ არის მისაღები. კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა 9%–ს, პასუხზე უარი თქვა 1%–მა.
შეგახსენებთ: მიმდინარე წლის 8 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე გამოკითხული 4 ათას 448 რესპონდენტის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერდა 31%, წინააღმდეგი იყო 46%, პასუხი არ ჰქონდა 22%–ს, ხოლო 1%–მა უარი თქვა პასუხზე.
საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევა 17 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე მიმდინარეობდა. წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზეპირდაპირი ინტერვიუს სახით გამოიკითხა 1 ათას 881 ადამიანი, ცდომილება შეადგენს +/– 1,8 %–ს.