თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ 4%–ით უფრო ახლოსაა ქვეყნის მოსახლეობის შეხედულებებთან, ვიდრე ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ამაზე მეტყველებს აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვა.
კვლევის შედეგები, რომელიც საქართველოში მოსახლეობის განწყობას სწავლობდა, ორშაბათს, 21 დეკემბერს NDI–ს საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა ტორნტონმა (Laura Thornton) წარმოადგინა.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, კითხვაზე „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს“, რესპონდენტთა 18%–მა კოალიცია „ქართული ოცნება“ დაასახელა, 14%–მა — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო ირაკლი ალასანიას პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ შეხედულებები მოსახლეობის მხოლოდ 9%–ის შეხედულებებს ემთხვევა.
გამოკითხულთა უმრავლესობის — 30%–ის პასუხი კი იყო „არცერთი პარტია არ არის ახლოს“. ამას გარდა, ამ კითხვაზე რესპონდენტთა 8%–მა უპასუხა, რომ არ იციან, რომელი პოლიტიკური პარტია მოსწონთ, ხოლო 6%–მა უარი განაცხადა პასუხზე.
ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიულ მოძრაობასა“ და შალვა ნათელაშვილის „ლეიბორისტულ პარტიას“ რესპონდენტთა 5–5% უჭერს მხარს, ხოლო ირმა ინაშვილის „პატრიოტთა ალინსს“ — 4%. ყველა დანარჩენმა პარტიამ გამოკითხულთა 3%–ის მხარდაჭერა დაიმსახურა.
შეგახსენებთ: საქართველოს მოსახლეობის განწყობის შესწავლის ფარგლებში, 8 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდში, ჩატარებულმა გამოკითხვამ (4 ათას 448 რესპონდენტი) აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ შეხედულებებს რესპონდენტთა 14% იზიარებდა, ხოლო „ნაცმოძრაობისას“ — 13%.
სოციოლოგიური კვლევა 17 ნოემბრიდან 7 დეკემბერის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირდაპირი ინტერვიუს სახით, წარმომადგენლობით შერჩევის საფუძველზე 1 881 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცთომილების ზღვარი პლიუს-მინუს 1,8%-ია.
კვლევას აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA). გამოკითხვებს ატარებს კავკასიის კვლევითი ცენტრი (CRRC).