თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. აშშ–ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის მოსკოვში ვიზიტის მთავარი თემა, რომლის ფარგლებშიც მან მოლაპარაკებები გამართა არა მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან, არამედ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთანაც, როგორც მოსალოდნელი იყო, სირიის კრიზისის დარეგულირებისა და ტერორიზმთან ბრძოლის კოორდინირებულობის საკითხები იყო.
როგორც კერი ამბობს, მან რუსეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ აშშ მზადაა ითანამშრომლოს რუსეთთან „ისლამური სახელმწიფოს“ (არაბულად „დაიში“) წინააღმდეგ საბრძოლველად. ამასთან, კერიმ მოულოდნელი განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ აშშ და პარტნიორები ამ დროისათვის არ ისწრაფვიან სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის შეცვლისკენ. არც უკრაინის თემა გამორჩენია, მათ შორის, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირისა და აშშ–ის მიერ დაწესებულ სანქციებთან და მინსკის შეთანხმებების შესრულების კონტექსტში. ამასთან, აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა არ ატარებს რუსეთის იზოლაციის პოლიტიკას.
აშშ მზადაა, რუსეთთან ერთად ებრძოლოს „ისლამურ სახელმწიფოს“
წინა მოლაპარაკებები კერისა და პუტინს შორის, რომელშიც ლავროვიც მონაწილეობდა, შვიდი თვის წინ გაიმართა სოჭში და ოთხი საათი გაგრძელდა. ახლანდელი მოლაპარაკებები ერთი საათით ნაკლები მიმდინარეობდა. მაშინ ძირითადი ყურადღება უკრაინის კრიზისის დარეგულირება გახლდათ. ახლა კი მთავარი თემა, როგორც მოსალოდნელი იყო, სირიის კრიზისის დარეგულირების, ტერორიზმთან ბრძოლის მეტად კოორდინირებულობისა და რუსეთ–ამერიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები იყო.
რუსეთის ლიდერის შეხვედრა ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან 18:25 საათზე (მოსკოვის დროით) დაიწყო. ამას წინ უსწრებდა ლავროვსა და კერის შორის გამართული მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა სამინისტროში, რის შემდეგაც კერიმ მოსკოვში გაისეირნა. ის ეწვია არბატს, სადაც 35 ათასი რუბლის ღირებულების რამდენიმე სუვენირი შეიძინა.
შეხვედრის დასაწყისში პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი და აშშ ურთულესი კრიზისებიდან გამოსავალს ეძებენ. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოახსენა აშშ–ის იმ წინადადებებისა და საკითხების შესახებ, რომლებიც დამატებით განხილვას მოითხოვს. თავის მხრივ, კერიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები სირიის კრიზისის დარეგულირების თაობაზე მთელ რიგ ახალ შესაძლებლობებს უხსნის გზას და რომ რუსეთსა და აშშ–ის ერთად ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე კერიმ და ლავროვმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები იყო კონკრეტული და საგნობრივი, რომ სირიის კრიზისის დარეგულირების საკითხში წინ წაწევაა აუცილებელი, რომ რუსეთმა და აშშ–მა ერთად უნდა მოძებნონ გამოსავალი სირიის კრიზისიდან იმ შეხვედრაზე, რომელიც სირიის მხარდამჭერთა ჯგუფთან გაიმართება ამ პარასკევს ნიუ–იორკში.
როგორც კერიმ აღნიშნა, რუსეთისა და აშშ–ის ერთობლივი მუშაობით მოგებული დარჩება როგორც ორივე მხარე, ისე ზოგადად მსოფლიო საზოგადოება და დაამატა, რომ ვაშინგტონი მზადაა, მოსკოვთან ერთად იმუშაოს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.
„ეჭვსგარეშეა, რომ, როცა აშშ და რუსეთი ერთად ეფექტურად მუშაობენ, მოგებული რჩება როგორც ორივე მხარე, ისე მთელი მსოფლიო“, — განაცხადა კერიმ.
ამ სიტყვების დამადასტურებელ მაგალითად კერიმ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მიღწეული შეთანხმება მოიყვანა. მნიშვნელოვანი ეტაპი ამ პროცესში ოთხშაბათს იქნა გადალახული, როდესაც მაგატეს მმართველთა საბჭომ შესაბამისი რეზოლუცია შეათანხმა, — ხაზი გაუსვა სახელმწიფო მდივანმა. „ჩვენი შეხვედრა ძირითად ყურადღებას სირიაზე, ტერორიზმთან ბრძოლასა და უკრაინაზე ამახვილებს. მე კვლავ დავუდასტურე პრეზიდენტ პუტინს, რომ აშშ მზადაა, რუსეთთან ერთად ებრძოლოს „ისლამურ სახელმწიფოს“, — თქვა კერიმ.
სირიის თაობაზე პოზიციათა დაახლოება
კერიმ აღნიშნა, რომ მოსკოვმა და ვაშინგტონმა სირიის ურთულეს საკითხებზე პოზიციათა დაახლოება მოახერხეს.
„მართლაც, ჩვენ მოვძებნეთ რამდენიმე ისეთი სფერო, რომლებში შეთანხმებაც შევძელით. ჩვენ ვისაუბრეთ ტერორისტული დაჯგუფებების კლასიფიკაციის სირთულეზეც. მაგრამ ახლა არ ვიტყვი, რაზე ვილაპარაკეთ ორმხრივ შეხვედრაზე. ეს იმიტომ, რომ, როგორც სერგეი [ლავროვმა] თქვა, ამ დისკუსიაში [სირიის მხარდამჭერთა] ჯგუფმა სრული შემადგენლობით უნდა მიიღოს მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ შეიტანოს საკუთარი წვლილი იმ გადაწყვეტილებებსა და შედეგებში, რომლებიც უკვე არსებობს. მაგრამ ჩვენ დავაახლოვეთ პოზიციები ამ სირთულეებთან დაკავშირებით და იმაშიც, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ მათ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვთანხმდებით, რომ „ისლამური სახელმწიფო“ და „ან–ნუსრა“ ამ პროცესს მიღმა დგანან. ამაზე ყველა თანხმდება, ეს ერთსულოვანი მოსაზრებაა“, — თქვა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა.
კერის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ სირიაში ტერორისტთა წინააღმდეგ განსახორციელებელ ოპერაციათა რაიონების შესახებ მონაცემების ურთიერთგაცვლის თაობაზე
„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ, რომელ რაიონებში ვატარებთ ჩვენ და რუსეთი ოპერაციებს, რათა ჩვენმა სამხედროებმა იცოდნენ, ვინ სად მუშაობს“, — განაცხადა კერიმ ლავროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე კრემლში.
ლავროვმა დაადასტურა, რომ მოსკოვმა და ვაშინგტონმა შეათანხმეს ის შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც ტერორიზმთან ბრძოლას კოორდინირებულს გახდის.
„დავადასტურეთ ის შეთანხმებები, რომლებსაც რუსმა და ამერიკელმა სამხედროებმა მიაღწიეს და აგრეთვე ის შეთანხმებები, რომლებიც აშშ–ის ქვემდებარე, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლ კოალიციაზე ვრცელდება. პრაქტიკულ დონეზე შევათანხმეთ რამდენიმე შემდგომი ნაბიჯიც, რომლებიც დაგვეხმარება, რომ ეს ჩვენი პარალელური საქმიანობა მეტად კოორდინირებული და მეტად ეფექტური გახდეს“, — თქვა მან.
აშშ არ ისწრაფვის ასადის დამხობისკენ
კერიმ განაცხადა, რომ მოსკოვს გააცნო აშშ–ის პოზიცია, თუ რატომაა შეუძლებელი მომავალში სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლების სათავეში დატოვება, თუმცა, მისი თქმით, მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარებმა ყურადღება გაამახვილეს არა ასადზე, ან არსებულ შეუთანხმებლობებზე, არამედ სირიის კრიზისის პოლიტიკურ დარეგულირებაზე.
კერიმ მოულოდნელად ისიც კი განაცხადა, რომ ამჟამად აშშ და მისი პარტნიორები არ ისწრაფვიან სირიაში ასადის რეჟიმის შეცვლისკენ.
„აშშ და ჩვენი პარტნორები არ ისწრაფვიან, ეგრეთ წოდებული, რეჟიმის შეცვლისკენ სირიაში. ჩვენ თქვით, რომ შეუძლებლად მიგვაჩნია ასადის ლიდერობა მომავალში, მაგრამ დღეს ჩვენი ყურადღება არ არის ფოკუსირებული უთანხმოებებზე“, — თქვა მან.
კერიმ იქვე ისიც დაამატა, რომ აუცილებელია კიდევ უფრო გაძლიერდეს სირიის კრიზისის პოლიტიკურად დარეგულირების მცდელობა. „დღეს ჩვენ ძალზე დეტალურად ვიმსჯელეთ ძალისხმევათა ინტენსიფიკაციის აუცილებლობაზე, რათა ამ პროცესის ფარგლებში გაეროსთან ერთად ვიმუშაოთ“, — თქვა მან.
გარდა ამისა, როგორც კერიმ განაცხადა, ლავროვთან საუბრისას დააფიქსირა ვაშინგტონის შეშფოთება სირიის ზომიერი ოპოზიციის პოზიციებზე რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების ავიადარტყმების გამო. აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ეს ინფორმაცია მხედველობაში მიიღო.
ნიუ–იორკში შეხვედრის მოლოდინში
ცალკე თემად იქცა ნიუ–იორკში სირიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრისთვის მზადება, რომელიც 18 დეკემბრისთვისაა დაგეგმილი. ჯგუფის წევრებს იმედი აქვთ, რომ ოფიციალურ დამასკოსთან მოლაპარაკებების საწარმოებლად, ნიუ–იორკში მუშაობა გაგრძელდება საყოველთაოდ აღიარებული ტერორისტული ორგანიზაციების სიების შედგენასა და სირიული ოპოზიციის ჯგუფის ფორმირებაზე.
როგორც ლავროვმა განაცხადა, მოსკოვმა და ვაშინგტონმა აუცილებლად მიიჩნიეს, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციის სახით, სირიის თაობაზე ვენის შეთანხმებები დაედასტურებინათ.
„მოვილაპარაკეთ რა, განვაგრძოთ მუშაობა ტერორისტულ პრობლემასა და მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებათა ორგანიზებაზე, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, ამ ეტაპზე დავადასტურთ ის შეთანხმებები, რომლებსაც ვენაში მივაღწიეთ 30 ოქტომბერსა და 14 ნოემბერს“, — თქვა ლავროვმა.
მისი თქმით, ეს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციის სახით გაკეთდება, რომლის პროექტიც 18 დეკემბერს შემუშავდება ნიუ–იორკში.
„ამ მიზნით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ნიუ–იორკში სირიის მხარდამჭერთა ჯგუფის მორიგ შეკრებას 18 დეკემბერს მინისტრების დონეზე და იმედი გვაქვს, რომ მისი წევრების თანხმობით, შედეგებიდან გამომდინარე, შევძლებთ უსაფრთხოების საბჭოს განსახილველად წარვუდგინოთ რეზოლუციის პროექტი, რომელიც დაადასტურებს ვენის დოკუმენტებში, ვენის 30 ოქტომბრისა და 14 ნოემბრის განცხადებებში ჩადებულ ყველა პრინციპს“, — დაამატა ლავროვმა.
ამასთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუთითა, რომ ნიუ–იორკის შეხვედრაზე რუსეთი ელის დაწვრილებით ინფორმაციას ერ–რიადის იმ ინიციატივაზე, რომელიც ტერორიზმთან მებძოლ ახალ კოალიციას ეხება და აგრეთვე „სირიის მეგობართა“ შეხვედრაზე პარიზში. ტერორიზმთან მებრძოლ კოალიციებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ უპირატესობას ანიჭებს გაეროს მიერ მოწონებულ კოლექტიურ ფორმატს ყველა მოთამაშის მონაწილეობით.
უკრაინისა და ანტირუსული სანქციების თემა
რაღა თქმა უნდა, შეეხნენ უკრაინის თემასაც. კერიმ კვლავ განაცხადა, რომ რაც უფრო მალე შესრულდება მინსკის შეთანხმებები, მით უფრო მალე მოიხსნება აშშ–სა და ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. ამასთან მან თქვა, რომ მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე პასუხისმგებლობა კონფლიქტის ყველა მხარეს ეკისრება.
თავის მხრივ ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი და აშშ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ უკრაინის კრიზისის დასარეგულირებლად.
„რუსეთისა და აშშ–იც მხარს უჭერენს პუტინსა და ობამას შორის მიღწეულ მინსკის შეთანხმებებსა და ნორმანდიულ ფორმატს, და ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ იმისათვის, რომ მინსკის შეთანხმებების სრულად განხორციელებას მიაღწიონ“, — ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.
აშშ–ს არ სურს რუსეთის იზოლაცია
აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რომ ვაშინგტონი არ აწარმოებს რუსეთის იზოლაციის პოლიტიკას. „ჩვენ არ გვაქვს იმგვარი პოლიტიკა, რომელიც რუსეთის იზოლაციას ისახავს მიზნად… ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ აშშ–სა და რუსეთს შორის თანხმობა მთელი მსოფლიოს ინტერესებში შედის. ვფიქრობ, ეს ორივე ლიდერის სიმწიფესა და მათი როლის მნიშვნელობას წარმოაჩენს“, — დაამატა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა.
რუსეთის იზოლაციის თემა შემთხვევით არ წამოწეულა. კერის მოსკოვში ვიზიტის წინა დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც საზოგადოებას ამცნობდა, რომ ვაშინგტონიდან რუსეთის საერთაშორისო არენიდან იზოლაციის თაობაზე განცხადებები ისმოდა.