თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ტერორიზმზე გასამარჯვებლად აშშ–მა და რუსეთმა ძალისხმევა უნდა გააერთიანონ, — განაცხადა აშხაბადში მდებარე ამერიკის საელჩოში აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ცენტრალური აზიის საკითხებში დენიელ როზენბლუმმა.
„რია ნოვოსტის“ კორესპონდენტის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა პარიზის ტერაქტების შემდეგ რუსეთისა და აშშ–ის ძალისხმევების გაერთიანება ტერორიზმის წინააღმდეგ, ამერიკელმა დიპლომატმა უპასუხა, რომ სირიის თაობაზე ამერიკასა და რუსეთს შორის — კერძოდ, სახელმწიფო მდივან ჯონ კერისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის, მუდმივი დისკუსია მიმდინარეობს.
როზენბლუმმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ–სა და რუსეთს საერთო ინტერესები აქვთ გლობალურ საკითხებში და ამ მხრივ მათი პოზიციები ემთხვევა, რაზეც ამერიკის მთავრობა არაერთხელ საუბრობდა.
„ტერორიზმისა და ექსტრემიზმის საფრთხე ერთ–ერთი იმ საკითხთაგანია, რომელიც არა მარტო რუსეთთან, არამედ სხვა ქვეყნებთანაც გვაერთიანებს. ამ საკითხების წარმატებით გადასაჭრელად ჩვენ აუცილებლად უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევები. არ შემიძლია წინასწარ ვივარაუდო ან ჰიპოთეზები გამოვთქვა, რა იქნება მომავალში, მაგრამ ის კი შემიძლია გითხრათ, რომ იქ, სადაც საერთო ინტერესები გვაქვს, ვითანამშრომლებთ“, — თქვა ამერიკელმა დიპლომატმა.