თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა ოდესის ოლქის გუბერნატორს, საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეურაცხყოფის საპასუხოდ სახეში წყალი შეასხა, ამის შესახებ ავაკოვი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
„სულ ეხლახანს რეფორმების ეროვნულ საბჭოზე ბატონმა სააკაშვილმა, პასუხად ჩემს კითხვაზე, თუ რატომ ურთერთობს რუს ოლიგარქთან „ურალხიმიდან“ და რა კავშირშია ეს საპორტო ქარხნის პრივატიზაციასთან – საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა. ოდესის გუბერნატორი ისტერიკაში ჩავარდა და დამიწყო ყვირილი: “არავის არ აქვს უფლება ასე ელაპარაკოს მიხეილ სააკაშვილს… შენ კორუმპირებული მინისტრი ხარ, მე კი წესიერი ადამიანი. ” და გადავიდა პირდაპირ შეურაცხყოფაზე”,-წერს ავაკოვი და აცხადებს, რომ ამ სიტყვების შემდეგ მან სააკაშვილს სახეში წყალი შეასხა.
ავაკოვმა სააკაშვილს პოპულისტი უწოდა და განაცხადა, რომ არ აპირებს მისი მისამართით შეურაცხყოფის მოთმენას.
„სააკაშვილი – ყბედი, რომელიც პასუხს არაფერზე აგებს. უხერხული კითხვები ისტერიკას იწვევს? მომბეზრდა ეს ყველაფერი. მე არ ვაპირებ ავიტანო მისი უტაქტობა…კორუმპირებულები ციხეში უნდა ჩასვა და არა თვეობით ილაპარაკო მათზე და მარტო ფაქტები წარმოადგინო“, – განაცხადა უკრაინის შს მინისტრმა.
ოდესის გუბერნატორმა თავის მხრივ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურს მომხდარი ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერის სრული ვერსიის გასაჯაროების მოთხოვნით მიმართა.
„მე კატეგორიულად მოვითხოვ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურისგან დღვანდელ სხდომაზე პრემიერ–მინისტრისა და შს მინისტრის მხრიდან უღირსი და პროვოკაციული საქციელის ამსახველი ვიდეოჩანაწერის სრული ვერსიის გასაჯაროებას. ვიდეოგადაღბა სამი კამერა აწარმოებდა და უკრაინელ ხალხს სრული უფლება აქვს ნახოს, თუ ვინ მართავს მათ ქვეყანას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე.
ექს–პრეზიდენტის განცხადებით, იგი პასუხისმგებლობას იღებს მის მიერ ნათქვამ ყველა სიტყვაზე. „დრო მოვიდა, რომ სუბიექტებმა, რომლებმაც ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, პასუხი აგონ თავიანთ საქციელზე“, – აღნიშნავს სააკაშვილი.