თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვა მოძრაობის უსაფრთხოების ნორმებს არ უკავშირდება, მიაჩნია საქართველოს დრიფტის ფედერაციის პრეზიდენტს გიორგი სარიშვილს.
მარჯვენა საჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია ქვეყანაში 2016 წლის მარტიდან აიკრძალება.
„მარჯვენა საჭიანი მანქანა მეც მიტარებია და არავითარი დისკომფორტი არ განმიცდია, აქედან გამომდინარე საერთოდ არ ვთვლი საშიშად. ჩემი აზრით, მათი აკრძალვა უფრო იაპონიიდან შემოყვანილი მანქანების რაოდენობის შემცირების სურვილით არის განპირობებული“– აღნიშნა გიორგი სარიშვილმა Sputnik-georgia-სთან საუბრისას.
„საქსტატის“ მონაცემებით, გასულ წელს იაპონიიდან იმპორტირებული მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობამ ავტომანქანების იმპორტის საერთო მოცულობის 40% შეადგინა.
მარჯვენა საჭიანი ავტომანქანების რაოდენობის კრიტიკულ ზრდაზე ამახვილებენ ყურადღებას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.
„ქვეყანა მარცხენასაჭიანი ავტომობილების მოძრაობაზეა გათვლილი და ინფრასტრუქტურაც შესაბამისადაა მოწყობილი. ჟენევის კონვენციით ჩვენ გვაქვს ვალდებულება მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ და შესაბამისად, ვიცავთ მას“–განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.
მარჯვენა საჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვა მძღოლებმაც გააპროტესტეს.
სოციალურ ქსელში დაგეგმილი აქცია ლოზუნგით "მარჯვენა საჭე — ჩემი უფლებაა!" თბილისის გარდა კიდევ რამდენიმე ქალაქში ჩატარდა.