თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში 13 დეკემბერს გაიმართება საპროტესტო აქციები მარჯვენა საჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის წინააღმდეგ დევიზით „მარჯვნივ საჭე — ჩემი უფლებაა“!
როგორც აქციის ორგანიზატორები Facebook-ის გვერდზე იტყობინებიან, თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილენი 16:00 საათზე ვარკეთილის რაიონში თბილისის ზღვასთან ე.წ. „ჩინურ ქალაქთან“ შეიკრიბებიან. შემდეგ თავიანთი მანქანებით ისინი მსვლელობას მოაწყობენ შსს-ს შენობისაკენ კახეთის გზატკეცილზე. აქედან მსვლელობა თბილისის ცენტრისკენ გაგრძელდება რუსთაველის გამზირისაკენ.
თბილისის პარალელურად საპროტესტო აქციები გაიმართება რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთსა და სხვა ქალაქებში.
მარჯვენა საჭიანი ავტომობილების მფლობელთა პირველი გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გასულ კვირას, 6 დეკემბერს იუსტიციის სახლთან თბილისის სანაპიროზე ჩატარდა. აქციის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ რეგულარულად გამართავენ საპროტესტო აქციებს, სანამ მათ მოთხოვნებს ყურს არ დაუგდებენ.