თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ტრანსპორტი, ლოჯისტიკა, კავშირგაბმულობა და კომუნიკაცია უცხოელი ინვესტორებისთვის დღეს ყველაზე პრიორიტეტული სფეროებია, განაცხადა ეკონომისტმა ლევან კალანდაძემ.
„აქ არის გარკვეული პოტენციალი, რომლის სწორად და სრულად ათვისება საინტერესოა უცხოელი ინვესტორებისთვის“–აღნიშნა ლევან კალანდაძემ
საქსტატის ცნობით ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2015 წლის მესამე კვარტალში ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროებში ჩაიდო — 218 მლნ დოლარი, რაც 11 მლნ დოლარით მეტია 2015 წლის მეორე კვარტალთან, და 85 მლნ დოლარით მეტი — 2014 წლის მესამე კვარტალთან შედარებით.
ლევან კალანდაძის თქმით ტრანსპორტი და კომუნიკაცია ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით პრიორიტეტული არა მხოლოდ მიმდინარე წლის მე–3 კვარტალში ზოგადად ბოლო პერიოდშია.
„ტრანსპორტის თემა იმიტომ არის აქტუალური, რომ ის გარკვეულ ლოჯისტიკურ ქსელებს უკავშირდება. კომუნიკაციები და კავშირგაბმულობა კი იმ თვალსაზრისით არის საინტერესო რომ უკავშირდება მაღალ ტექნოლოგიებს, მაღალი ტექნოლოგიების მხრივ კი საქართველოში ბიზნესის განვითარება პრიორიტეტულად ითვლება, რადგან სრულად არ არის ათვისებული ეს სეგმენტი“–აღნიშნა ეკონომისტმა Sputnik-Georgia-სთან საუბრისას.
2015 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროებში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ 571 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 269 მლნ დოლარით მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.