ლევან კალანდაძე: „ჩინური ინვესტიციები საქართველოსთვის სასარგებლო იქნება“

© photo: Sputnik / Екатерина Чеснокова / გადასვლა მედიაბანკშიჩინეთი
ჩინეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოს დედაქალაქში 15–16 ოქტომბერს ჩატარდება.

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik.საქართველოსთვის ჩინური საინვესტიციო პოლიტიკის შედეგები, შეიძლება, ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს, — განაცხადა ექსპერტმა ეკონიმიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ.

 „ჩინეთი საქართველოსთვის ყველაზე  საინტერესო და სტრატეგიული მიმართულებაა. ეს არის ახალი მიმართულება, რომლის ათვისებაც საქართველომ ბოლო პერიოდში დაიწყო. ჩვენი ქვეყნისთვის ჩინური საინვესტიციო პოლიტიკის ეფექტი და შედეგები, შეიძლება, ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს, რადგან ჩინური, კარგი გაგებით — აგრესიული, საინვესტიციო პოლიტიკა ძალიან ბევრი ქვეყნისთვის სასურველ კატეგორიას წარმოადგენს და ძალიან ბევრი ქვეყანა დაინტერესებულია სწორედ ჩინური ინვესტიციებით“,  –აღნიშნა ლევან კალანდაძემ.

 მისი თქმით, ჩინური ინვესტიცია არის მოქნილი და შედარებით იაფი და რესურსების თვალსაზრისით, ძალიან დიდ მასშტაბებს აღწევს. აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის მსხვილი ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო, შეიძლება, გახდეს, მით უმეტეს, რომ საქართველო –ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტი კიდევ უფრო აძლიერებს და ამძაფრებს ამ საკითხს. 

 გარდა ამისა, ექსპერტის აზრით, ჩინეთი დაინტერესებულია, ევროპულ ბაზარზე შეაღწიოს და საქართველოს  ევროკავშირთან  გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ის უპირატესობები, რაც ამ დოკუნებტმა ჩვენს ქვეყანას  მიანიჭა, შეიძლება, კარგად იქნეს გამოყენებული  საქართველოს ტერიტორიაზე ერთობლივი მსხვილი საინვესტიციო პროექტების  განსახორცილებლად.

 „ამ მხრივ, ჩინეთს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და  ჩვენ, ამ კუთხით, ველოსიპედის გამოგონება არ დაგვჭირდება. უბრალოდ, ამ ტექნოლოგიების სწორად ათვისება და ქართული პოტენციალის სწორად გამოყენებაა საჭირო და ეს, შეიძლება, საქართველოსთვის საკმაოდ სერიოზული, სოციალურ– ეკონომიკური და ბიზნეს ბენეფიტის მომცემი გახდეს“, –აღნიშნა ლევან კალანდაძემ.

 მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რამდენად სწორად შევარჩევთ და შევთავაზებთ პრიორიტეტებს ჩინელ ინვესტორებს და თბილისში დაგეგმილი „აბრეშუმის გზის“ ფორუმი, შეიძლება, ამ თვალსაზრისით, საკმაოდ საინტერესო ინიციატივად განვიხილოთ.

 ლევან კალანდაძის თქმით, ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად, საქართველოში, დაახლოებით, 300 მოქმედი ბიზნესმენი ჩამოვა. მათ საშუალება ექნებათ, პირისპირ შეხვდნენ ქართული ბიზნესის, საბანკო სფეროსა და  ხელისუფლების წარმომადგენლებს.  ჩინელებისთვის  სწორად შეთავაზებული ბიზნეს- იდეები და პროექტები საშუალებას მოგვცემს, მათთან თანამშრომლობა უკვე სხვა რანგში გადავიყვანოთ და რამდენიმე მნიშვნელოვანი მსხვილი საინვესტიციო პროექტის ინიცირება მაინც განხორციელდეს საქართველოში.

 „აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოს დედაქალაქში 15–16 ოქტომბერს ჩატარდება. 


ყველა ახალი ამბავი
0