სერგეი მარკედონოვი — რუსეთის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საზღვარგარეთის რეგიონთმცოდნეობისა და რუსეთის საგარეო პოლიტიკის კათედრის გამგე,
სპეციალურად სააგენტოსთვის Sputnik
24 წლის წინ, 1991 წლის 8 დეკემბერს ბელოვეჟის შეთანხმება გაფორმდა. ხელმომწერმა რესპუბლიკებმა (რუსეთი, უკრაინა და ბელორუსია) მოახდინეს ფაქტის კონსტატაცია, რომ „საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და გეოპოლიტიკური რეალობა, წყვეტს არსებობას“.
ეს მოვლენა დღემდე იპყრობს პოლიტიკოსებისა და მკვლევარების ყურადღებას. ამერიკელი ეკონომისტის, ლესთერ თუროუს სამართლიანი შენიშვნის მიხედვით, „საბჭოთა კავშირის კრახი ერთ–ერთია იმ გამოცანებიდან, რომლის ახსნაზეც ისტორიკოსები კიდევ ათას წელს იმუშავებენ“.
გარდაქმნის „არასწორი“ ნაყოფი
1980–იანი წლების ბოლოდან და 1990–იანების დასაწყისიდან საინტერესო ფენომენს ვაკვირდებით. სამხედრო ზესახელმწიფო, გლობალური უსაფრთხოების სისტემის ერთ–ერთი ფუძემდებელი და გარანტი, „ბირთვული კლუბის“ წევრი, აგრესიულად ცვლის საკუთარ საგარეო თუ საშინაო პოლიტიკას. ის უარს ამბობს ეკონომიკის მობილიზაციურ მოდელზე, ერთპარტიულ პოლიტიკურ სისტემაზე, ინფორმაციის დახურულობაზე და ცდილობს წავიდეს რეფორმების გზით, გაეხსნას მსოფლიოსა და საკუთარ მოქალაქეებს.
საბჭოთა კავშირი დაშლის მომენტისთვის მთელ რიგ გარდამავალ პროცესებს განიცდიდა: ეკონომიკის ცენტრალიზებული დაგეგმვიდან საბაზრო ეკონომიკაზე, ავტორიტარული პოლიტიკური სისტემიდან — დემოკრატიაზე, ჰიპერტროფირებული ადმინისტრაციული ცენტრალიზაციიდან — ფედერალიზმის განვითარებაზე. ამ პროცესებიდან ცალკე აღებული თითოეული (და მით უმეტეს, ერთად) რადიკალურად ცვლიდა წლობით დადგენილ წესებს, და უკვე მხოლოდ ამით ახდენდა სერიოზული რისკების პროვოცირებას.
მაგრამ ამას შედეგად მოჰყვა არა საბჭოთა კავშირის დემოკრატიულ ფედერაციულ სახელმწიფოდ ტრანსფორმაცია, არამედ ცივ ომში მარცხი, სოციალური კონფლიქტების მორევში ჩაძირვა (რომელთა შორისაც წამყვანი გახლდათ ეთნიკური დაპირისპირებები) და საბოლოოდ, მისი დაშლა 15 სახელმწიფოდ და რამდენიმე, საერთაშორისო საზოგადოების მიერ არაღიარებულ დე–ფაქტო წარმონაქმნად. საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებმა, გარკვეული აზრით, დაადასტურა ცნობილი ფილოსოფოსის ალექსის დე ტოკვილის მეტაფორა იმის შესახებ, რომ „უგუნურ რეჟიმს ყველაზე ცუდი დრო უდგება მაშინ, როცა ის გამოსწორებას შეეცდება“.
გარდაქმნამ, რომელიც საბჭოთა კავშირშიც და მის ფარგლებს მიღმაც დიდი ხნის მომწიფებულად და სასურველად მიიჩნეოდა, სულაც არ გამოიღო იმგვარი ნაყოფი, როგორსაც მისი მომხრეები და აქტივისტები მოელოდნენ.
სსრკ–ს დაშლის მომენტიდან თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მის ყოფილ ტერიტორიაზე ცხრა შეიარაღებული კონფლიქტი მოხდა, რასაც უზარმაზარი მსხვერპლი და მილიონობით ლტოლვილი, დანგრეული ეკონომიკური ინფრასტრუქტურა და ადამიანებს შორის კონტაქტების რღვევა მოჰყვა. საბჭოეთის 15 რესპუბლიკიდან ოთხს არ აქვს ერთამენთთან დიპლომატიური ურთიერთობა (სომხეთს აზერბაიჯანთან, რუსეთს საქართველოსთან). და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიცა და უკრაინაც ინარჩუნებენ საელჩოებს მოსკოვსა და კიევში, ამ ორი ქვეყნის ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა მას შემდეგ, რაც ბელოვეჟის შეთანხმება გაფორმდა.
ერთიანი მოკავშირული სახელმწიფოს დაშლას თავისუფლების ზეიმი არ მოჰყოლია. საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House–ს მონაცემებით, რომელსაც ვერაფრით დავწამებთ რუსული პოლიტიკის მიმართ სიმპათიას, ბოლო დროს პრაქტიკულად ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებრივ წარმონაქმნში ფიქსირდება დემოკრატიის შესუსტება. ეს ტრენდი არანაირად არ უწყობს ხელს იმას, რომ მრავალწლიანი პრობლემები კომპრომისის საფუძველზე გადაიჭრას ფორმულით „გამარჯვება–გამარჯვება“, და არა „გამარჯვება–დამარცხება“ ან „ნულოვანი ფრე“.
ამასთან დაკავშირებით, სამართლიანად იბადება კითხვა: „იყო თუ არა საბჭოთა კავშირის დაშლა ХХ საუკუნის უმსხვილესი გეოპოლიტიკური კატასტროფა (როგორც ეს ვლადიმირ პუტინმა თქვა), თუ ამით ბოლო მოეღო „ბოროტების იმპერიას“ (როგორც საბჭოეთს უწოდა აშშ–ის მეორმოცე პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა)?“
საბჭოთა სახელმწიფოებრიობის რღვევა გრძელდება
როგორც ნებისმიერი სხვა, ამგვარი მასშტაბის გეოპოლიტიკური ცვლილება — მსოფლიოს რუკიდან საბჭოთა კავშირის გაქრობა, არ შეიძლება ერთი საზომით გაიზომოს. უპირველეს ყოვლისა, ამან წარმოაჩინა უმნიშვნელოვანესი ფაქტი: საბჭოთა კავშირის არსებობის შეწყვეტა როგორც ფორმალურ–იურიდიული ფაქტი და „კრემლის იმპერიის“ რღვევის ისტორიული პროცესი — ერთი და იგივე არ გახლავთ.
1991 წლის დეკემბერში მსოფლიოს რუკიდან გაქრა სახელმწიფო, რომელიც დედამიწის ერთ მეექვსედზე იყო გადაჭიმული, მაგრამ საბჭოთა სახელმწიფოებრიობის რღვევის პროცესი მხოლოდ დაიწყო.
საბჭოთა კავშირის ფორმალურ–სამართლებრივი დასასრული ახალი ეროვნული სახელმწიფოების ჩამოყალიბების დასაწყისად იქცა, რომელიც ჯერაც არ დასრულებულა. უფრო მეტიც, ეროვნული სახელმწიფოების მშენებლობაში ჩავარდნებს შესაძლოა პოლიტიკური ვითარების გამწვავება მოჰყვეს ისეთ ქვეყნებშიც კი, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში სამაგალითოებად განიხილებოდნენ სხვებისთვის.
სწორედ ამიტომ, როგორც რომის იმპერიის დაცემა არ შეიძლება დავიყვანოთ რომულ ავგუსტუსის ჩამოგდებამდე, საფრანგეთის დიდი რევოლუცია — ბასტილიის აღებამდე, ხოლო ოქტომბრის რევოლუცია — 25 ოქტომბრის (ძველი სტილით) გადატრიალებამდე, ისე საბჭოთა კავშირის დაშლა არ იყო მხოლოდ ბელოვეჟში შეთანხმებაზე ხელმოწერის აქტი რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის ლიდერებს შორის. მათი შემდგომი რატიფიკაციაც კი არ იყო ბოლო წერტილი საბჭოთა ისტორიაში.
საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირმა 1991 წლის დეკემბერში არსებობა შეწყვიტა. გაიზარდა მთელი თაობა, რომელსაც არ უცხოვრია იმ ქვეყანაში, შესაბამისად, არ აქვს საბჭოური იდენტობა. ვერც მათზე უფროსმა, 80–იანებში დაბადებულმა თანამემამულეებმა მოასწრეს მორგებოდნენ საბჭოურ ყოველდღიურობას, ახსოვთ რა მხოლოდ მშობლების მონათხრობი საბჭოთა კავშირზე.
მაგრამ ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების პოლიტიკური ყოფა დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა საბჭოთა მიდგომებისა და მოდელების ტყვეობაში.
ჯერ ერთი, სახელისუფლებო და ინტელექტუალური ელიტების მიერ კომუნისტური იდეოლოგიის უარყოფა არ ნიშნავდა მის რეალურ გადალახვას. საბჭოთა პერიოდში ფორმირებული ბევრი ღირებულება, ქცევის წესი, პოლიტიკური მიდგომა კვლავაც განსაზღვრავს ოდესღაც მოკავშირული, ახლა კი დამოუკიდებელი რესპუბლიკების პოლიტიკურ კულტურას.
ფედერალისტური პრაქტიკის ცნობილმა რუსმა მკვლევარმა ანდრეი ზახაროვმა სამართლიანად შენიშნა, რომ „ყოფილ საბჭოთა კავშირში ფედერალიზმი მოთხოვნადი არ არის იქაც კი, სადაც მას რეალური სარგებელი შეეძლო მოეტანა (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა). აქედან კითხვა: რატომ არ აითვისეს პოსტსაბჭოთა ელიტებმა ფედერალიზმი? ახსნა: საბჭოთა ტრადიციის თანახმად, სუვერენიტეტი არ შეიძლება გაიყოს ან გადაეცეს — ეს უბრალოდ შეუძლებელია. მისი განუყოფლობა საბჭოთა კონსტიტუციური სამართლის საფუძველი გახლდათ. შედეგად, იჩაგრებიან უმცირესობები“.
ცნობილი ბელგიელი ექსპერტის, ბრუნო კოპიტერის აზრით კი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ფედერალიზაციაზე უარის თქმა „ის უკანასკნელი ხავსია, რომელსაც სიცოცხლის შესანარჩუნებლად ეჭიდებიან“. მაგრამ როგორც საქართველოსა და მოლდოვის მაგალითები და უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი გვაჩვენებს, ფედერალისტურ პრაქტიკაზე უარის თქმის შედეგად ხდება არაღიარებული ან ნახევრადაღიარებული წარმონაქმნების ფორმირება, რომლებიც უსაფრთხოების გარანტიებს ეძებენ იმ ქვეყნის პოლიტიკურ–სამართველბრივი სივრცის მიღმა, რომელსაც მიეკუთვნებიან ფორმალურ–იურიდიული თვალსაზრისით.
მეორეც: საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი განიხილებოდა როგორც სახელმწიფო, რომლის მთავარი სუბიექტები იყვნენ არა მოქალაქეები, არამედ სოციალისტური ერები. ფაქტობრივად კი საბჭოთა სახელმწიფომ ეთნიკური ჯგუფები განსაზღვრა პოლიტიკისა და სახელმწიფო სამართლის მთავარ სუბიექტებად. აბსოლუტურ პრიორიტეტად განიხილებოდა არა ცალკეული ადამიანის უფლება, არამედ კოლექტიური. სწორედ ამიტომ საბჭოთა კავშირის დაშლისას ახალ სახელმწიფოებს შორის საზღვრები (და თავად ახალი წარმონაქმნების სახელმწიფოებრიობაც) ყველას არ უცვნია ლეგიტიმურად. აქედან — შეიარაღებული კონფლიქტები, ლატენტური სასაზღვრო დაპირისპირებები (რაც დსთ–ის წევრი თითქმის ყველა სახელმწიფოს შორის ხდება).
და დღეს ტერიტორიული პრობლემების მქონე ქვეყნები ყურადღებას ამახვილებენ „დაკარგული ტერიტორიების“ დაბრუნებაზე და არა სხვადასხვა ხალხების წარმომადგენლებთან ურთიერთობების, ადამიანური კონტაქტების აღდგენაზე. და შედეგი, ეს არის ყურადღების გადატანა არა დიალოგის, არმედ ძლიერი საგარეო პარტნიორის ან მფარველის ძიებაზე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მხარში ამოსადგომად მზადაა.
სწორედ აქედან მომდინარეობს გაზრდილი ინტერესი ხორვატიის 1995 წლის გამოცდილებისადმი არაღიარებული სერბეთის ინფრასტრუქტურის ძალადობრივად ლიკვიდირების მიმართ.
ამგვარად, თვითგამორკვევის ისტორიული პროცესი, რომელიც საბჭოთა კავშირის რღვევასთან ერთად დაიწყო, ჯერ არ დასრულებულა. სანამ ყოფილი საჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ეთნოპოლიტიკური კონფლიქტები არ დარეგულირდება და ახალი საზღვრების ლეგიტიმურობა არ იქნება აღიარებული, მისი დაშლა დასრულებულად არ შეიძლება ჩაითვალოს.
ამასთან, ამ პროცესის დასრულების გარეშე შეუძლებელია ვილაპარაკოთ პოსტსაბჭოთა ქვეყნების სახელმწიფოებრიობაზე, მათ რეალურ დამოუკიდებლობასა და დემოკრატიულობაზე.
რედაქციის პოზიცია შესაძლოა არ ემთხვეოდეს ავტორისას.