თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში საერო და სასულიერო სტრუქტურებს შორის მკაფიო ზღვარი არსებობს, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის ინიციატივაზე კომენატრისას, როდესაც მან პატიმართა შეწყალების შესაძლებლობის მისთვის გადაცემის თაობაზე ისაუბრა.
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი 5 დეკემბერს მისთვის პატიმრების შეწყალების უფლების მინიჭების თხოვნით გამოვიდა. ამ ინიციატივამ ზოგიერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის უკმაყოფილება გამოიწვია. საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავის მხრივ, პრეზიდენტსა და პარლამენტს ამ საკითხის განხილვის თხოვნით მიმართა და აღნიშნა, რომ ილია მეორის ჩართვას პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია.
„როდესაც არა სურვილებზე, არამედ სახელმწიფოს მისწრაფებებსა და განვითარების ვექტორებზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ საერო ქვეყანა ვართ. და საერო ქვეყანაში საერო და სასულიერო სტრუქტურებსა და ინსტიტუტებს შორის ყველასთვის ძალზე სასარგებლო ზღვარი არსებობს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში.
ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის ფორმატი არსებობს, თუმცა, კონსტიტუციური საფუძვლების შეცვლაზე ლაპარაკი არ შეიძლება, აღნიშნა მან.
აღნიშნული ინიციატივა საქართველოს პატრიარქმა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლ „ჩემი მძევალი ანგელოზების“ ნახვის შემდეგ გაახმოვანა, რომელშიც №5 საპატიმროს მსჯავრდებული ქალები მონაწილეობდნენ.
საქართველოს საპატრიარქომ ამ ინიციატივას ილია მეორის მხრიდან პატიმრებისადმი სოლიდარობისა და თანადგომის სურვილი და არა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვის მოთხოვნა უწოდა.
არასამთავრობო ორგანიზაციები უკმაყოფილოები არიან პატრიარქის ინიციატივით და მიაჩნიათ, რომ ამ თხოვნის მხარდაჭერა დემოკრატიისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებას გამოიწვევს. მათ გამოთქვეს იმედი, რომ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს ამ ინიციატივას.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პატიმართა შეწყალების უფლება ქვეყნის პრეზიდენტს აქვს.