თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველო საერო სახელმწიფოა, ამიტომ სასულიერო პირისთვის პატიმრების შეწყალების უფლების მინიჭება ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას.
5 დეკემბერს პატრიარქის მიერ გაჟღერებულმა ინიციატივამ ზოგიერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის უკმაყოფილება გამოიწვია. ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი უკვე მიმართა პრეზიდენტსა და პარლამენტს, განიხილონ ეს საკითხი და აღნიშნა, რომ ილია მეორის ჩართულობა ამ კუთხით, შესაძლოა, პოზიტიური იყოს.
„სასულიერო პირს, პატრიარქს რომ ჰქონდეს შეწყალების ფუნქცია, ეს საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. თუ ეს გაკეთდებოდა, წავაწყდებოდით კონსტიტუციურ პრობლემებს და დავარღვევდით იმ პრინციპს, რასაც ეწოდება სახელმწიფოს და ეკლესიის გაყოფა და ერთმანეთისგან დამოუკიდებლობა. ჩვენ ვართ საერო სახელმწიფო, აქედან გამომდინარე, ეს ინიციატივა, ალბათ, ხორცს ვერ შეისხამდა“, — განაცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას ორშაბათს, 7 დეკემბერს.
აღნიშნული ინიციატივა საქართველოს პატრიარქმა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლ „ჩემი მძევალი ანგელოზების“ ნახვის შემდეგ გაახმოვანა, რომელშიც №5 საპატიმროს მსჯავრდებული ქალები მონაწილეობდნენ.
საქართველოს საპატრიარქომ ამ ინიციატივას ილია მეორის მხრიდან პატიმრებისადმი სოლიდარობისა და თანადგომის სურვილი და არა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვის მოთხოვნა უწოდა.
არასამთავრობო ორგანიზაციები უკმაყოფილოები არიან პატრიარქის ინიციატივით და მიაჩნიათ, რომ ამ თხოვნის მხარდაჭერა დემოკრატიისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებას გამოიწვევს. მათ გამოთქვეს იმედი, რომ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს ამ ინიციატივას.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პატიმართა შეწყალების უფლება ქვეყნის პრეზიდენტს აქვს.