თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა თხოვნით, ხელისუფლებამ განიხილოს პატრიარქისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების უფლების მინიჭების საკითხი, — იუწყება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ქართველი ერის სულიერი წინამძღვარია და მისი რჩევა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია“, — განაცხადა ღარიბაშვილმა და პრეზიდენტსა და პარლამენტს მიმართა, დაიწყონ მუშაობა პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მისანიჭებლად.
ამ ინიციატივას მთავრობის წევრთა და პარლამენტართა მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მაგალითად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს მიაჩნია, რომ „პატრიარქს უნდა ჰქონდეს ეს უფლება. ერის წინამძღვარია. მასზე ბრძენი ადამიანი არ ვიცი ვინ არის, ამიტომ ნამდვილად უნდა ჰქონდეს მას შეწყალების უფლება“.
კახიშვილის პოზიციას იზიარებს დეპუტატი ეკა ბესელიაც: „საქართველოს პატრიარქსაც უნდა ჰქონდეს ეს განსაკუთრებული უფლება, როგორც ადამიანს, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი ნდობა საზოგადოების. თუ ეს პოლიტიკური თანხმობა იქნება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდება მხარდამჭერი“.
ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც ერის სულიერი წინამძღოლითვის ასეთი უფლების მინიჭებას არ ეთანხმებიან. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თქმით, ადგილი აქვს გარკვეულ გაუგებრობას.
„ერთია ცოდვის მიტევება, შენდობა, რომელიც, გასაგებია, თუ ვისი ექსკლუზიური უფლებაა. მეორეა სასჯელისგან გათავისუფლება და ამ თვალსაზრისით — შეწყალება. არ მახსენდება, შემთხვევა, როცა სახელმწიფოს მეთაურის გარდა, ვინმეს ჰქონდეს ეს მძიმე ტვირთი… არ მახსენდება ასეთი კონსტიტუციური მოდელი“, — განუცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებს.
იგივე აზრისაა პარლამენტის თავმჯდომარის თანაპარტიელი, დეპუტატი ლევან ბერძენიშვილიც, რომელიც კიდევ უფრო შორს მიდის საკუთარ შეფასებებში და ამ ინიციატივას არასწორად მიიჩნევს.
„ასეთი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, ჩემი ღრმა რწმენით, სწორი არ არის და ის ვერ განხორციელდება. წინადადება ჰუმანურია, ადამიანურია, მესმის პატრიარქის სურვილი, მე თვითონ ყოფილი პატიმარი ვარ, მაგრამ სახელმწიფო თავის ფუნქციას ვერავის გადასცემს, რადგან ეს არ შეიძლება სხვა ორგანიზაციის საქმე იყოს. პატიმართა შეწყალება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა!“, — აცხადებს ბერძენიშვილი.
საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ დაწყებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა საქართველოს პატრიარქის ინიციატივის თაობაზე, მოსახლეობის უარყოფით დამოკიდებულებას აჩვენებს.