თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართელოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ილია მეორეს ქვეყანაში შექმნილი ვითარების მშვიდობიანად გადაჭრისკენ მოწოდებისთვის, — იუწყება ქვეყნის მეთაურის პრესსამსახური.
ვითარება საქართველოში დაძაბულია „რუსთავი 2"–ის სასამართლო განხილვების გამო, რომელმაც ქართულ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია და ასევე მედიით გავრცელებული ვიდეოს გამო, რომელზეც წამებისა და გაუპატიურების კადრებია აღბეჭდილი. პროკურატურის მტკიცებით, ეს დანაშაული პოლიციის მაღალჩინოსნებმა ჩაიდინეს 2011 წელს.
„დიდი მადლობა იმ უმნიშვნელოვანესი გზავნილებისათვის, რომელიც მოდის ხოლმე თქვენი ქადაგებების დროს. ამ ბოლო ქადაგებისას თქვენ პოლიტიკოსებს, რომლებიც ხშირად ემოციურად ზღვარს გადავდივართ, მიგვანიშნეთ, რომ უნდა ვიპოვოთ სასაუბრო ენა ერთმანეთთან დარბაზებში. დიდი მადლობა ამ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილისათვის“, — განაცხადა მარგველაშვილმა პატრიარქთან ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს პატრიარქის სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა ჩინოვნიკისა და პოლიტიკოსისათვის.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა, თავის მხრივ, მარგველაშვილს სიფრთხილე შეახსენა.
„ჩვენ ხმაურიანი ხალხი ვართ, იმედია ყველაფერი კარგად იქნება და დამშვიდდება, მაგრამ სიფრთხილე მაინც საჭიროა“, — აღნიშნა პატრიარქმა.
სკანდალური ვიდეოკადრების გავრცელებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებზე თავდასხმები მოჰყვა, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. ასევე იმართება აქციები, რომლებზეც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პარტიის ლიკვიდაციას მოითხოვენ.
ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ იწყებს კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და არასამათავრობო ორგანიზაციებთა, რათა შენარჩუნდეს სამოქალაქო სტაბილურობა.