საქართველოს საპატრიარქომ ილია მეორის ინიციატივა განმარტა

საქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პატრიარქის ინიციატივამ პატიმართა შეწყალების უფლების მინიჭების თაობაზე ზოგიერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის უკმაყოფილება გამოიწვია. საპატრიარქოში განმარტეს, რომ ეს აზრი მხოლოდ მსჯავრდებულებისადმი სოლიდარობის გამოხატვას ემსახურებოდა.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ინიციატივა მისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უფლების მინიჭების თაობაზე განმარტა.  

5 დეკემბერს პატრიარქის მიერ გაჟღერებულმა ინიციატივამ ზოგიერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის უკმაყოფილება გამოიწვია. ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი უკვე მიმართა პრეზიდენტსა და პარლამენტს, განიხილონ ეს საკითხი და აღნიშნა, რომ ილია მეორის  ჩართულობა ამ კუთხით, შესაძლოა, პოზიტიური იყოს. 

„ეს იყო მათდამი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვისა“, — ნათქვამია საპატრიარქოს მიერ 6 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ: ეს ინიციატივა საქართველოს პატრიარქმა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლ „ჩემი მძევალი ანგელოზების“ ნახვის შემდეგ გაახმოვანა, რომელშიც №5 საპატიმროს მსჯავრდებული ქალები მონაწილეობდნენ. 

სპექტაკლს ასევე ესწრებოდნენ პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

„ჩემი მძევალი ანგელოზები“ — პირველი სპექტაკლი მსჯავრდებულების მონაწილეობით, რუსთაველის თეატრის სცენაზე დაიდგა. წარმოდგენას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და მთავრობის წევრები დაესწრნენ.

„ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო თეატრის სცენა და დარბაზი მჯავრდებულებს დაეთმო. წარმოდგენაც და შექმნილი გარემოც მეტად ემოციური იყო; მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ფონზე ბრძანა, რომ კარგი იქნებოდა, პატრიარქსაც ჰქონოდა პატიმრების შეწყალების უფლება. ეს იყო მათდამი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვისა“, — აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები უკმაყოფილოები არიან პატრიარქის ინიციატივით და მიაჩნიათ, რომ ამ თხოვნის მხარდაჭერა დემოკრატიისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებას გამოიწვევს. მათ გამოთქვეს იმედი, რომ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს ამ ინიციატივას. 

 


ყველა ახალი ამბავი
0