თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. დაიშის („ისლამური სახელმწიფო“) ბოევიკები ისლამს არ წარმოადგენენ და აშშ–სა და ამ რელიგიას შორის ომი არ იქნება, განაცხადა ორშაბათს აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.
„ჩვენ არ შეგვიძლია ერთმანეთის წინააღმდეგ წასვლა და იმის დაშვება, რომ ეს ბრძოლა ამერიკასა და ისლამს შორის ომად განიხილებოდეს“, – განაცხადა ობამამ თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან თანამემამულეებისადმი მიმართვისას. მისი თქმით, „ეს სწორედ ისაა, რაც დაიშის მსგავს დაჯგუფებებს სურთ“.
ობამამ აღნიშნა, რომ „დაიშის ბოევიკები ისლამის სახელით არ ლაპარაკობენ“. მისი განცხადებით, „ისინი მკვლელები და სიკვდილის კულტის წევრები არიან“.
„ისინი მცირე ნაწილია მსოფლიოს მილიარდზე მეტი მუსლიმანისა, მათ შორის ამერიკელი პატრიოტულად განწყობილი მუსლიმებისა, რომლებიც სიძულვილის იდეოლოგიას უარყოფენ“.
ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ტერორისტების მსხვერპლთა აბსოლუტური უმრავლესობა მთელს მსოფლიოში მუსლიმია“. ის ასევე მოწოდებით გამოვიდა, რომ მუსლიმური საზოგადოება მოკავშირეების სახით ჩართონ ტერორიზმთან ბრძოლაში და მათ ეჭვიანობითა და სიძულვილით არ კრან ხელი.
ამასთან, ობამას აზრით, არ შეიძლება „იმ ფაქტის უარყოფა, რომ ზოგიერთ მუსლიმურ საზოგადოებაში ექსტრემისტული იდეოლოგია ვრცელდება“. მისი თქმით, „ეს რეალური პრობლემაა, რომელსაც მუსლიმებმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ“.
ობამამ მოუწოდა „აშშ–ისა და მთელი მსოფლიოს მუსლიმ ლიდერებს“, რომ ითანამშრომლონ მათთან, რათა უარყონ სიძულვილის იდეოლოგია, რომელსაც დაიშისა და „ალ–ქაიდას“ მსგავსი დაჯგუფებები ავრცელებენ.
ამავდროულად, მან აღნიშნა: „ჩვენ პასუხს ვაგებთ იმისთვის, რათა უარვყოთ რელიგიური ტესტები იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვიღებთ ამ ქვეყანაში“. „ჩვენი პასუხისმგებლობა ისაა, რომ უარვყოთ წინადადებები, რომლის თანახმად ამერიკელი მუსლიმების მიმართ არ ჰქონდეთ ისეთი დამოკიდებულება, როგორც სხვების მიმართ“.
ობამამ მუსლიმ თანამემამულეებს „ჩვენი მეგობრები, მეზობლები, თანამშრომლები, სპორტული გმირები“ უწოდა და განაცხადა – „უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი აშშ–ის შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ და მზად არიან, ქვეყნის დაცვას თავი შეწირონ“.