თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს შსს ადმინისტრაციულ- სამართალდარღვევათა კოდექსში შესწორებების შეტანას გეგმავს, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს, განაცხადა შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
კერძოდ, ღერძულა ხაზის გადაკვეთაზე ჯარიმა ექვსჯერ გაიზრდება და 300 ლარით განისაზღვრება.
ჯარიმები ასევე შეიძლება გაიზარდოს საჭესთან მობილური ტელეფონით საუბარზე, სიჩქარის გადამეტებაზე, არასწორ მანევრირებასა და არაფხიზელ მდგომარეობაში მართვაზე.
ამჟამად, საჭესთან მობილურ ტელეფონზე საუბრისთვის ჯარიმის ოდენობა 10 ლარია, სიჩქარის გადამეტებაზე – 50 ლარი, ხოლო არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის – მართვის მოწმობის ნახევარი წლით ჩამორთმევა.
შსს–მ სახანძრო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებისთვის წინაღობის შექმნაზე სასჯელი ასევე შეიძლება შეცვალოს: მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაცვლად, შესაძლოა, 300 ლარის ოდენობის ჯარიმა დაწესდეს.
უწყებაში აღნიშნეს, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე სასჯელის გამკაცრება წესების დარღვევის შედეგად სიკვდილიანობისა და სერიოზული ტრავმების რაოდენობის ზრდამ გამოიწვია. როგორც შსს–ში განაცხადეს, სულ მსგავსი შემთხვევა წელიწადში 10 ათასზე მეტი დაფიქსირდა.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა 3 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე წარადგინა. კერძოდ, საუბარია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პრევენციის გაძლიერებაზე, ქვეყნის ავტოპარკის განახლებასა და საგზაო მოძრაობის თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლაზე.