თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში მოძრაობის წესების დარღვევისთვის ქულათა საჯარიმო სისტემა დაინერგება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
ახალი სისტემის თანახმად, მართვის მოწმობაზე ყოველწლიურად 100 ქულა დაირიცხება. მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში მძღოლებს შესაბამისი რაოდენობის ქულები მოაკლდებათ. თუ ქულების რაოდენობა ამოიწურება, მძღოლს მართვის მოწმობა გაუუქმდება და დოკუმენტის აღდგენისთვის მოძრაობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს.
„100 ქულა ყველა მართვის მოწმობას დაერიცხება წლის განმავლობაში ავტომატურად და თითოეულ დარღვევაზე, რომელსაც მძღოლი ჩაიდენს საგზაო მოძრაობის დროს, მოხდება გარკვეული ქულების ჩამოკლება 100 ქულიანი ლიმიტიდან… მომავალში, ქულათა სისტემა შეზღუდავს ქცევას, რომელიც ეწინააღმდეგება მოქალაქეების უსაფრთხოებას, რომ, როდესაც თქვენ დაჯარიმდებით, ქულებიც მოგაკლდებათ და გარკვეული ჯარიმების შემდეგ იგრძნობთ, რომ შეიძლება ამის გამო დაკარგოთ მართვის მოწმობა“, — განაცხადა თალაკვაძემ.
რომელ დარღვევას რა რაოდენობის ქულა შეესაბამება, ამას სამინისტროში ჯერჯერობით არ აზუსტებენ.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მთავრობის სხდომაზე 3 დეკემბერს წარადგინა. პაკეტი უსაფრთხო მოძრაობის პრევენციის გაძლიერებას, ქვეყნის ავტოპარკის გაძლიერებასა და საგზაო მოძრაობის თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლას მოიაზრებს.