ნატომ მონტენეგროს არსებობა გაგვახსენა

© Public DomainНАТО
НАТО - Sputnik საქართველო
გამოწერა

  მერაბ ხაჩიძე

 აშკარაა, რუსეთი ბევრად უფრო სერიოზულად უდგება ტერორიზმთან ბრძოლაში ლიდერის პოზიციის შენარჩუნების საკითხს, ვიდრე ანტიტერორისტული კოალიციის დანარჩენი წევრები. მეტიც, იგი ყოველდღიურად, ინტენსიურად ბომბავს „ისლამური სახელმწიფოს“ ნავთობმწარმოებელ ინფრასტრუქტურას და „კოლეგებსაც“ კატეგორიულად მოუწოდებს მიბაძონ მას. „კოლეგები“, ჯერ-ჯერობით, „დუმილის უფლებას“ იცავენ.  

 ძალზე საინტერესოა, ასეთი დუმილის მიზეზი რამდენად არის პარიზში პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება რიგი ქვეყნების „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობის თაობაზე. დასავლეთის სახელმწიფოთა ის ნაწილი, რომელიც, სავარაუდოდ, ტერორისტებთან თანამშრომლობს, „ვაისა და ვუის“ შორის გახლავთ მოქცეული. ამ „დუმილმა“ კი ის მოიტანა, რომ თურქეთი თავისი ზესტრატეგიული გადაწყვეტილებით – ჩამოეგდო რუსული სამხედრო თვითმფრინავი, მოსალოდნელ მძიმე კონფლიქტში მარტო დარჩა რუსეთის პირისპირ. 

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ერდოღანი - Sputnik საქართველო
ერდოღანი: თურქეთმა სუ-24-ზე შეტევისას არ იცოდა, რომ თვითმფრინავი რუსული იყო

 რუსული დაზვერვის მონაცემები, როგორც სჩანს, ნამდვილია. წინააღმდეგ შემთხვევაში პუტინს იმ სიტყვებს პარიზშივე არავინ შეარჩენდა. არადა შერჩა. შერჩა ისე, რომ თავის მართლებაც არავის უცდია. ალბათ, მოსალოდნელია, რომ რუსეთი მოთხოვნებს აუცილებლად გაამძაფრებს. თუ უარესი არ ქნა და უფრო გაფართოებულ სამხედრო ღონისძიებას არ მიმართა. მისი თავდაცვის სამინისტროს განცხადებაც, რომელიც საინფორმაციო სააგენტოებმა მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად გაავრცელეს, ასეთი ფიქრის საშუალებას ნამდვილად იძლევა.  

 „თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი და მისი ოჯახი სირიიდან „ისლამური სახელმწიფოს" ნავთობის უკანონო ტრანსპორტირებაში არიან ჩართულები", — განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანატოლი ანტონოვმა. „ნავთობის გაყიდვა სირიელი ტერორისტების შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ისინი ყოველწლიურად 2 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებენ და ამ ფულით მთელ მსოფლიოში მებრძოლებს ქირაობენ და მათთვის იარაღს, ტექნიკასა და აღჭურვილობას ყიდულობენ". „ერაყიდან და სირიიდან მოპარული ნავთობის ძირითადი მომხმარებელი თურქეთია. არსებული მონაცემებით, ამ დანაშაულებრივ ბიზნესში ჩართულია ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, პრეზიდენტი ერდოღანი და მისი ოჯახი“.  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, ამავე ბრიფინგზე ამ „დანაშაულებრივი ქმედების სქემა" წარადგინეს.  "ორი თვის განმავლობაში რუსულმა ავიაციამ 32 ნავთობმომპოვებელ კომპლექსზე, 11 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ნავთობის გადამტუმბავ 32 სადგურზე მიიტანა შეტევა. ამან სირიაში უკანონოდ მოპოვებული ნავთობის ბრუნვა 50%-ით შეამცირა. ამ ტერორისტული ორგანიზაციისთვის დანაშაულებრივ ბიზნესს დღეში არანაკლებ 3 მილიონი დოლარის შემოსავალი მოაქვს", — ამბობს თავდაცვის მინისტრის მოადგილე რუდსკოი. 

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
ერდოღანის განცხადებით, თურქეთი არ ყიდულობს ნავთობს ISIS-გან

 რუსეთი აქტიურდება. ბრიუსელში კი 1-2 დეკემბერს გამართულ მინისტერიალზე მონტენეგრო დიდი ზარ–ზეიმით მიიღეს NATO-ს 29–ე წევრად. ამაზე სოციალურ ქსელში ვიღაცამ ოსტატურად იხუმრა: ამ ქვეყნის არსებობა ნატომ გაგვახსენაო. სიმართლისაგან შორს არც ეს ხუმრობაა.  სამაგიეროდ ქართველი დიპლომატები კიდევ ერთხელ დარჩნენ აღტაცებული NATO-ს დაპირებით (როგორ ჰგავს ეს ყველაფერი წინა ხელისუფლების განცხადებებს), „სწორ გზაზე დგახართ“ და მალე თქვენი ჯერიც მოვაო. რას იზამ. ალბათ, ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის აუხსნელი და გაუგებარი პოლიტიკური კონიუნქტურა მოითხოვს ასეთი არაპოპულარული განცხადებების კეთებას. თუმცა ყველამ ვიცით, რომ ამ პერსპექტივისა არც დამპირებელს სჯერა და არც დაპირებულს.

ნატო - Sputnik საქართველო
ტრიუდო: აშშ განაგრძობს საქართველოს დახმარებას ნატოში გასაწევრიანებლად

 NATO-ში არც სულელია ვინმე და არც იმის მიუხვედრელი: დღევანდელ სიტუაციაში რას მოიმოქმედებს რუსეთი და დაუშვებს თუ არა, ზედ მის საზღვარზე, პირდაპირ კავკასიონზე განლაგდეს ნატოს სამხედრო ბაზები და ტექნიკა?! ჰოდა, ჩვენ რატომ ვისულელებთ თავს. ამ და უამრავი სხვა ფაქტორის გამო, NATO-ში საქართველოს მიღების საკითხი დღის წესრიგშიც არასოდეს დამდგარა! 

 სხვათა შორის, 2 დეკემბერს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა. რუსეთის გენშტაბის მიერ გამართული, სირიის თემისადმი მიძღვნილი ბრიფინგი შავი ზღვის აუზის ქვეყნების  რუკის ფონზე მიმდინარეობდა. ამ რუკაზე საქართველო მთლიანად, აფხაზეთ–სამხრეთ ოსეთის ცალკე აღმნიშვნელი კონტურის გარეშე მოჩანდა. ამ ფაქტისათვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა იქნებ არც ღირდა, რომ არა რამდენიმე გარემოება. პირველი: არა მგონია (ამას მარტო მე არ ვამბობ) რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ შემთხვევაში რაიმე „შეეშალა“. მეორე: ამავე რუკაზე მთიანი ყარაბახი ცალკე კონტურით არის გამოყოფილი. იმასაც ვიტყვი, რომ ესეც მარტო მე არ შემინიშნავს. ამის დასამტკიცებლად სოციალურ ქსელში დაფიქსირებული სხვა, ჩემზე უფრო დაკვირვებული ადამიანის კომენტარიც საკმარისია. ისეთი მასშტაბის ბრიფინგზე, რომელსაც მთელი მსოფლიოს დიპლომატიური ელიტა განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებს თვალს, ეს ფაქტი შემთხვევითობაა თუ ვიღაცის მიმართ გაგზავნილი რუსული მესიჯი, ამას დრო გამოაჩენს. თუმცა, გამორიცხული არაფერია და, მათ შორის არც შემთხვევითობა.

 ანდა ვინ იცის, იქნებ ესეც აუხსნელი პოლიტიკური კონიუნქტურის ნაწილია?! 

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის პოზიციას


ყველა ახალი ამბავი
0