თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩერნოგორიის ალიანსში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას მომავალი წლის დასაწყისში ელოდება, ამის შემდეგ ნატოს წევრი ქვეყნების პარლამენტების მხრიდან რატიფიკაცია იქნება საჭირო.
„ველოდები, რომ გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები საკმაოდ მალე დაიწყება, რათა მომავალი წლის დასაწყისში შევძლოთ დასრულება. მოლაპარაკებები საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს. დისკუსიების დასრულების შემდეგ ნატოს წევრმა 28 ქვეყანამ რატიფიკაციის პროცესი უნდა დაიწყოს. ამას გარკვეული დრო დასჭირდება და ძნელია, ბრიუსელიდან განსაზღვრო, რა დრო დასჭირდება თითოეულ ქვეყანას ამისთვის. ბოლო შემთხვევისას ამას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა“, — განუცხადა მან ჟურნალისტებს.
სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ჩერნოგორიის ნატოში მიღების გადაწყვეტილება რუსეთს არ ეხება და ვინმეს წინააღმდეგ არ არის მიმართული.
„ჩერნოგორიის ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება რუსეთს არ ეხება. ეს ჩერნოგორიისა და ნატოს საქმეა. ეს გადაწყვეტილება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული“, — განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
ამასთან, სტოლტენბერგმა მიუთითა, რომ სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილებაში ჩარევის უფლება არავის აქვს.
ნატომ ოთხშაბათს ჩერნოგორია თავის რიგებში, 29–ე ქვეყნად მიიწვია, განაცხადა ტვიტერის მიკრობლოგში ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკუმ.
ჩერნოგორია, რომელმაც დამოუკიდებლობა 2006 წელს გამოაცხდა, ნატოსგან წევრობაზე მიწვევას ელოდებოდა. ამი მიზნით ქვეყნის ხელისუფლებამ დიპლომატიურ ფრონტზე აქტიური მუშაობა გააჩაღა და ქვეყნის შიგნით ნატოს წევრობის მხარდამჭერ ინტენსიურ კამპანიას ეწეოდა.