თბილისი. 1 დეკემბერი — Sputnik. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდის საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აზერბაიჯანის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრმა, შაჰინ მუსტაფაევმა 30 ნოემბერს ბაქოში გამართულ შეხვედრაზე, იტყობინება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო.
ორი ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლებმა ასევე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტრანზიტისა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრეს. აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს დელეგაციას ინფორმაცია მიაწოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს ფუნქციონირების შესახებ, რომელსაც შაჰინ მუსტაფაევი ხელმძღვანელობს. საკოორდინაციო საბჭოში შედიან აზერბაიჯანის რკინიგზის, საზღვაო ნავსადგურის, საზღვაო კომპანია კასპარის, საბაჟოს და სახელმწიფო ნავთობის კომპანიის წარმომადგენლები. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს მთავარ მიზანს წარმოადგენს ყველა იმ ტექნიკური და ხელოვნური პრობლემის მოგვარების უზრუნველყოფა, რომლებიც ბარიერს უქმნიან ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანში ტვირთების ტრანსპორტირებას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
მათი თქმით, ეს ხელს შეუწყობს აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის დონის გაზრდას და ქვეყნებს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ქართული მხარე მიესალმება ასეთ ინივიატივებს. შეხვედრაზე ითქვა, რომ მსგავსი საკოორდინაციო საბჭო საქართველოშიც შეიქმნება.