თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. სარკინიგზო ხაზის ბაქო-თბილისი-ყარსის ამოქმედება 2016 წლის ბოლოსათვის იგეგმება, განაცხადა აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა აბიდ სარიფოვმა ხუთშაბათს, 15 ოქტომბერს, აბრეშუმის გზის ფორუმზე გამოსვლისას.
ფორუმი აბრეშუმის გზა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოთხშაბათს, 15 ოქტომბერს, თბილისში, რუსთაველის თეატრში გახსნა. ღონისძიება ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ადამიანთა შორის კონტაქტების სფეროებში თანამშრომლობისთვის ახალი იდეების მოძიებას მიეძღვნება. მისი ამოცანაა „დისკუსიიდან საქმეზე გადასვლა“.
„საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ახალ სარკინიგზო მაგისტრალს ბაქო-თბილისი-ყარსს აშენებენ, რომლის საშუალებითაც ტვირთების გადაადგილება ჩინეთიდან და ყაზახეთიდან — სტამბოლში იქნება შესაძლებელი, შემდეგ კი ევროპის მიმართულებით. ეს გაზრდის ამ მარშრუტის ეფექტურობასა და კონკურენტუნარიანობას. პროექტის ამოქმედება 2016 წლის ბოლოსათვის იგეგმება“, — განაცხადა აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა.
აბიდ შარიფოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში ასევე სხვა პროექტებსაც ახორციელებენ, მათ შორის გაიხსნა რამდენიმე საერთაშორისო აეროპორტი.
„შენდება საქართველოსა და აზერბაიჯანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ კორიდორი ეფექტური და უსაფრთხო გახდეს“, — თქვა აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა.
ფორუმი 16 ოქტომბერს დასრულდება. მასში 30 ქვეყნის 1000–ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის არიან ჩინეთის მთავრობის ხელმძღვანელი პირები და 300–მდე მსხვილი ჩინური კომპანიის წარმომადგენლები.
ღონისძიება წელს პირველად ტარდება. იგეგმება მისი ყოველწლიური გამართვა.
„აბრეშუმის გზა“, რომელიც უძველესი სავაჭრო გზაა, საუკუნეების მანძილზე აკავშირებდა ჩინეთს ევროპასთან ცენტრალური აზიის გავლით. ჩინეთის ევროპასთან დამაკავშირებელი ახალი აბრეშუმის გზის შექმნის იდეა, 2013 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სი ცზინპინმა წამოაყენა.