თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი მიმართვას ამზადებს ევროპული სტრუქტურებისადმი ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით.
მიმართვის ავტორი და ინიციატორი ოპოზიციური ფრაქციის „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატი ვიქტორ დოლიძეა. მიმართვის ადრესატი ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ევროკავშირის საბჭოს, ევროპული საბჭოს, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამასახურია. მიმართვის პროექტი პარლამენტის მიერ დაჩქარებულ რეჟიმში განიხილება.
„საქართველო-ევროკავშირის ახალი სახელშეკრულებო ურთიერთობები, რომელიც ეფუძნება ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებას, უკანასკნელ წლებში საქართველოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. ევროპისკენ სწრაფვა და ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ურყევი ნება და ისტორიული არჩევანია“, — ნათქვამია მიმართვის პროექტში.
საქართველოს პარლამენტი „მიმართავს ევროკომისიას წარმოადგინოს ოფიციალური წინადადება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე და სჯერა რომ მას მოჰყვება ეროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს დროული თანხმობა“, — ნათქვამია დოკუმენტის პროექტში.
პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გააგრძელოს მიზნობრივი საინფორმაციო კამპანიების წარმოება და გაავრცელოს უვიზო მოგზაურობის უფლებები და ვალდებულებები.
საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ევროკავშირის მიერ უვიზო რეჟიმი 2015 წლის ბოლოს და 2016 წლის დასაწყისში იქნება შემოღებული.
ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების შეთანხმებას 2014 წლის ივნისში მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რატიფიკაციის პროცესს გადის. საქართველოს პარლამენტმა დოკუმენტი 18 ივლისს დაამტკიცა, ხოლო ევროპარლამენტმა – 18 დეკემბერს.
ამ დროისთვის შეთანხმება ევროკავშირის 28 წევრიდან 27 ქვეყანაშია რატიფიცირებული. დარჩენილია მხოლოდ ბელგია.
ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის მოხსენების თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მეორე ფაზის სამოქმედო გეგმის (VLAP) 15-დან 7 ძირითადი მოთხოვნა შეასრულა. მეოთხე ანგარიშს ევროკომისია 15 დეკემბერს გამოაქვეყნებს, რის შედეგადაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი დასრულდება.