თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში წარმატებებს მიაღწია, თუმცა სამუშაო ჯერ არ დასრულებულა, — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ გამოთქვეს იმედი, რომ ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო რეჟიმს 2015 წლის ბოლოს – 2016 წლის დასაწყისში შემოიღებს.
„მივესლმებით იმ ფაქტს, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის გეგმით გათვალისწინებულ მრავალ ეტაპობრივ მიზანს წარმატებით მიაღწია. რა თქმა უნდა, დანარჩენი მიზნების მისაღწევად მუშაობა აუცილებელია. როგორც თბილისში ვიზიტისას უკვე აღვნიშნე, არ შემიძლია ვთქვა, რას გადაწყვეტს საბჭო ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ პოზიტიური ტენდენცია სახეზეა“, — განაცხადა მოგერინიმ.
ამ განცხადებით ევროკავშირის მთავარი დიპლომატი ბრიუსელში, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოვიდა.
ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების შეთანხმებას 2014 წლის ივნისში მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რატიფიკაციის პროცესს გადის. საქართველოს პარლამენტმა დოკუმენტი 18 ივლისს დაამტკიცა, ხოლო ევროპარლამენტმა – 18 დეკემბერს.
ამ დროისთვის შეთანხმება ევროკავშირის 28 წევრიდან 25 ქვეყანაშია რატიფიცირებული. დარჩენილია სამი ქვეყანა – ბელგია, საბერძნეთი და იტალია.
ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის მოხსენების თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მეორე ფაზის სამოქმედო გეგმის (VLAP) 15-დან 7 ძირითადი მოთხოვნა შეასრულა. მეოთხე ანგარიშს ევროკომისია 15 დეკემბერს გამოაქვეყნებს, რის შედეგადაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი დასრულდება.