თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მიღწევები ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში თვალნათელია, განაცხადა 10 ნოემბერს, სამშაბათს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არა ერთხელ გამოუთქვამთ იმედი, რომ ელოდებიან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას 2015 წლის ბოლოსა და 2016 წლის დასაწყისისათვის.
შეხვედრისას საუბარი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას და ვიზალიბერალიზაციის საკითხებს შეეხო. ასევე განიხილეს წინასაარჩევნო გარემო და ამავე კონტექსტში მხარეებმა სასამართლოსა და მედია დამოუკიდებლობის და კანონის უზენაესობის მნიშვნელობის საკითხებზე იმსჯელეს.
„ქვეყნის ევროპული არჩევანი, არა მარტო რომელიმე პოლიტიკური ჯგუფებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მისწრაფებაა, არამედ ეს ქართველი ხალხის არჩევანია. ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცის საკითხებზე და მჯერა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში პოზიტიური მიღწევები ექნება“, —აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ევროკომისარ ფედერიკა მოგერინის განცხადებით, საქართველოსათვის ევროინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებით მნიშველოვანია, რომ ქვეყანამ მტკიცედ დააფიქსიროს საკუთარი ევროპული მისწრაფება.
„ვხედავ ამ მიმართულებით პოზიტიურ შედეგებს და ვხედავ, რომ პროცესი პოზიტიურად ვითარდება და მიღწევებიც თვალსაჩინოა“, — აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ.
ფედრიკა მოგერინის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან მჭიდრო — მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს, ეს საქართველოს განსაკუთრებულ როლს სძენს და იგი რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების განმტკიცების საფუძველია.
ფედერიკა მოგერინიმ საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს განხილვისას ხაზი გაუსვა საქართველოს პრეზიდენტის როლს დაძაბულობის განმუხტვის კუთხით პოლიტიკურ ძალათა შორის დიალოგის წარმართვის პროცესში.
„ვხვდები რამდენად მნიშვნელოვანია, საქართველოს პრეზიდენტის როლი დაძაბულობის განმუხტვის პროცესში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური პოლარიზაციის რისკი. ჩემთვის ცნობილია თქვენი პირადი წვლილი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“, —აღნიშნა მოგერინიმ.
ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
საქართველოს პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინის მადლობა გადაუხადა გენდერულ საკითხებზე თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისათვის.
ვროკომისიის 2015 წლის 8 მაისის მოხსენების თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის (VLAP) სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის 15 ძირითადი მოთხოვნიდან შვიდი შეასრულა. ევროკომისიის რიგით მეოთხე მოხსენება 15 დეკემბერს გამოქვეყნდება, რის შედეგადაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი დასრულდება.