თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. მედიის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სამშაბათს, 10 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოში მედიათავისუფლების თემა აქტუალური ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სასამართლო დავასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შემდეგ გახდა.
„აუცილებელია დემოკრატიული პროცესების გაგრძელება. პოლიტიკაში ემოციები ქართველებსაც კარგად ესმით და იტალიელებსაც, მაგრამ ემოციების მიღმა არის მნიშვნელოვანი ჩარჩო — მედიაპლურალიზმი, კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა. ყველა მხარემ უნდა შეიკავოს თავი ისეთი მოქმედებებისგან, რომლებიც ქვეყნისთვის სასიკეთო არ იქნება“, — აღნიშნა მოგერინიმ.
თავის მხრივ, საქართველოს პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის მნიშვნელობას.
„რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება მხარს უჭერს თავისუფალ გარემოს, მედიის თავისუფლებას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, ადამიანის უფლებებს. ჩვენ მართლაც ბევრი რამ გავაკეთეთ ამ კუთხით უახლესი სამი წლის განმავლობაში და და მართლაც ვართ აღიარებული ლიდერი მთელს რეგიონში“, — აღნიშნა ღარიბაშვილმა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებულ შიდაპოლიტიკურ სიტუაციასა და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე იმსჯელეს.